ახალი ამბები

არეულობისა და პროტესტის შემდეგ საფრანგეთში ხელისუფლებამ უკან დაიხია

4 დეკემბერი, 2018 • 1422
არეულობისა და პროტესტის შემდეგ საფრანგეთში ხელისუფლებამ უკან დაიხია

საგრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეფორმა დიზელის საწვავის ფასის ზრდაზე, რის გამოც რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთი არეულობამ და საპროტესტო ტალღამ მოიცვა, 6 თვით შეჩერდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ედუარდ ფილიპეს თქმით, ხელისუფლებამ ხალხის ბრაზი უნდა გაიგოს და საკითხან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ჩართულ მხარეებთან საფუძვლიანი მსჯელობის გარეშე.

დემონსტრაციები საფრანგეთში დიზელის საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დეკემბერს პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 39 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

დემონსტრანტებს, რომლებსაც “ყვითელჟილეტიანებს” უწოდებენ, არ ჰყავდათ გამოკვეთილი ლიდერები და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მიეკუთვნებიან

საფრანგეთის კანონმდებლობით, ყველა მძღოლს მანქანაში უნდა ჰქონდეს ყვითელი ჟილეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ავარიაში მოჰყვება ან მანქანა გაუფუჭდება. ამ ფერის ჟილეტები მძღოლებთანაა ასოცირებული, დემონსტრანტებსაც ზუსტად ასე ეცვათ და ამიტომაც უწოდებენ დემონსტრანტებს “ყვითელჟილეტიანებს”.

საფრანგეთში ყველაზე მოთხოვნადი საწვავის, დიზელის ფასი ბოლო 12 თვეში 23%-ით გაიზარდა და 2000-იანი წლებიდან დღემდე მან უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ასახელებდა. მისივე თქმით, დიზელზე სუბსიდიების გაუქმება საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია გლობალურ დათბობასთან გასამკლავებლად.

BBC-ის ანალიტიკოსის თანახმად, პროტესტი ამორფული იყო, ანუ გამოკვეთილი ფორმა არ ჰქონია, თუმცა ბრაზი, რაც ფასების ზრდას უკავშირდება, ნამდვილად არსებობს; მცირე ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც მანქანებზე არიან დამოკიდებული მაღაზიებამდე ან სამსახურამდე მისასვლელად, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი