ზრდასრულთა განათლების 2018 წლის საუკეთესონი

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) 2018 წლის 30 ნოემბერს შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელშიც არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და საქართველოს რეგიონებში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრი და ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი გამოვლინდა.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და 2006 წლიდან მისივე ძალისხმევით დაარსებულ ზრდასრულთა განათლების რეგიონულ ცენტრებს აერთიანებს. ცენტრები ახალქალაქში, ახალციხეში, კოდაში, ჯვარში, სენაკში, შაუმიანში, ლელიანში, ჩოხატაურში, ამბროლაურსა და ქედაში ადგილობრივი თემის განვითარების ხელშესაწყობად, წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს და ადგილობრივ მოსახლეობას პიროვნულ განვითარებასა და პროფესიული უნარების ათვისებაში ეხმარებიან.

განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების სოცილურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში და თემში მათ ინტეგრაციაში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა სახელობო კურსების სახით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის აუცილებელ საბაზისო კომპეტენციებსა და ცოდნას სთავაზობენ მოსახლეობას. უცხო ენების, კომპიუტერის, ბუღალტერიის, მეწარმეობის, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების, სხვადასხვა ახალგაზრდული და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ცენტრები ყოველწლიურად 7000-ზე მეტი ბენეფიციარს იღებენ და შემდეგ მათ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებასა და რეალიზებაში ეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით ახერხებს კერძო სექტორსა თუ საჯარო სამსახურებში დასაქმებას, ზოგი კი ამ ცოდნითა და უნარებით საკუთარ ბიზნესსაც იწყებს – ვითარდება და ეხმარება ოჯახს.

სწორედ ამ შედეგების შეჯამება და მათ შორის გამარჯვებულთა გამოვლენა იყო სასტუმრო „ბეტსი“-ში გამართული ღონისძიების მიზანიც. საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი ათივე ცენტრის სახელობო კურსებისა და მცირე ბიზნესის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები მრავალფეროვნებით, შესრულების ხარისხითა და გემოვნებით გამოირჩეოდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა გამოცდილ პროფესიონალთა ნახელავს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ღონისძიება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა გახსნა.სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ მოკლედ ისაუბრა ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობაზე და ცენტრების როლსა და წარმატებებზე რეგიონებში. მათი განვითარების პერსპექტივას შეეხო თავის გამოსვლაში DVV international საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დავით ჯიქია, რომელმაც ახლო მომავალში ზრდასრულთა განათლების კიდევ ორი ცენტრის გახსნა დააანონსა.

2018 წელს ქვეყნის შვიდ რეგიონში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ათი ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა. კურსების მრავალფეროვნებით, შედეგებითა და სტატისტიკური მონაცემებით პრეზენტაცია ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ცენტრების დანიშნულება და როლი ადგილებზე. ამაზე მეტყველებდა თავად ბენეფიციართა შეფასებები და რეალური შედეგები, მათი მოტივაცია და მადლიერება.

პრეზენტაციის შემდეგ წლის გამარჯვებული ცენტრი გამოვლინდა. იგი აღმოჩნდა კოდის სათემო განათლების ცენტრი, რომელსაც ერედვიდან დევნილი და კოდაში ჩასახლებული, თავის დროზე დევნილთა პროექტის ბენეფიციარი და შემდგომ, სწორედ კოდის სათემო ცენტრში წარმატებით გავლილი კარიერული გზის მქონე ქალბატონი – მადონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობს. როგორც მან პრიზის გადაცემისას აღნიშნა, სწორედ ეს რთული ცხოვრებისეული გზა იქცა მოტივაციად მისთვის არა მხოლოდ პიროვნულ განვითარებაში, არამედ ცენტრის აქტიურ და წარმატებულ საქმიანობაშიც. მან მადლობა გადაუხადა ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, დონორებსა და ყველა თანამდგომს.

ღონისძიება ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოვლენით დასრულდა. მისი ავტორი აღმოჩნდა  „mastsavlebeli. ge“-ს ჟურნალისტი შორენა ტყეშელაშვილი, რომლისთვისაც „ეს ჯილდო (როგორც თავად აღნიშნა) სრულიად მოულოდნელი იყო და მაინსპირირებელი გახდება ზრდასრულთა განათლებაზე კიდევ უფრო მეტის შეტყობისა და მუშაობისათვის“.

გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე მოკლედ ისაუბრა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) წარმომადგენელმა პავლე თვალიაშვილმა.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის დირექტორის ქალბატონ ლალი სანთელაძის განცხადებით, DVV-ს მიერ მხარდაჭერილი ეს ღონისძიება – წლის შედეგების შეჯამება და საუკეთესო ცენტრის გამოვლენა – ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლების, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სტატუსის ამაღლებას და საზოგადოების, მედიისა და სახელისუფლებო სტრუქტურების ცნობიერების გაზრდას ზრდასრულთა განათლებაში. იგი გაიმართება ყოველწლიურად და გამოავლენს ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრს, საუკეთესო ტრენერ-პედაგოგს და საუკეთესო ზრდასრულ ბენეფიციარს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში.

– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება. ეს ცენტრები მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მოხარული ვართ, რომ აქ ვართ და როგორც პარტნიორები მათ წარმატებასა და სიხარულს ვიზიარებთ – აღნიშნა ჩვენთან საუბარისას მშვიდობის კორპუსის დირექტორმა საქართველოში, ქალბატონმა მელანი ემერსონმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი