ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზებისა და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე

4 დეკემბერი, 2018 • 5057
აფხაზებისა და ოსების ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე

ვანო აბრამაშვილი

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი


ახალი სამშვიდობი ინიაციტივების ფონზე დასავლეთის მხარდაჭერასა და გააქტიურებას ახალი როლი ენიჭება. საინტერესოა რა სახით გაგრძელდება ევროკავშირის პოლიტიკა “ჩართულობა აღიარების გარეშე”.

2008 წლის აგვისტოს ომმა და რუსული ოკუპაციის დაწყებამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად ახალ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარსში მოაქცია, რომელიც იმთავითვე ცხადი იყო, რომ სულ უფრო მეტ იზოლირებას უქადდა მათ გარესამყაროსგან, განსაკუთრებით კი, დასავლეთისგან.

ეს მოცემულობა ნათლად მიანიშნებდა იმაზე, რომ საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების პროცესი დროის დინებასთან ერთად სულ უფრო ჩაიხლართებოდა და გაჭიანურდებოდა, შესაბამისად, ომის დასრულებიდან მალევე თბილისმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს გრძელვადიანი ხედვებისა და სტრატეგიის შემუშავება, რომლის ფოკუსი უბრალო ადამიანების კეთილდღეობა და არა ვიწრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა იქნებოდა.

სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო გამოვლინებად იქცა 2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ ”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის“ გამოცხადება.

სტრატეგიის მიხედვით ბრიუსელი მიზნად ისახავდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მათი პოლიტიკური სტატუსის განხილვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის გასაჯაროებიდან თითქმის 9 წელი შესრულდა, შეიძლება ითქვას, რომ მან ვერ მოიპოვა მასობრივი ნდობა და ჩართულობა ადრესატ რეგიონებში, მაშინ, როდესაც თბილისის ახალი ამბიციური სამშვიდობო ინიციატივების ფონზე დასავლელი პარტნიორების განახლებულ ფართომასშტაბიან და გრძელვადიან მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

რატომ ვერ იმუშავა ევროკავშირის ჩართულობის სტრატეგიამ?

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩართულობის სტრატეგიის წარუმატებლობის უკან რამდენიმე მიზეზი იმალება. ერთ–ერთი უპირველესი გარემოება, რაც ბრიუსელისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, არასწორად შერჩეული დრო იყო.

დასავლური ინიაციატივების ტრადიციულად ფრთხილად მიმღები აფხაზი და ოსი პოლიტიკური ელიტები ევროპის ახალ სტრატეგიას იმთავითვე ეჭვით შეეგებნენ. მათთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ჩართულობა, რომელიც დიდწილად თბილისის გავლით უნდა განხორციელებულიყო, შესაბამისად, იმ დროს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკურად ტოქსიკური ატმოსფერო სუფევდა, ევროკავშირის ესოდენ პრაგმატული პოლიტიკა ადრესატებამდე ისე მივიდა, როგორც „მორიგი ქართული პოლიტიკური სატყუარა“, რამაც მთლიანად მოსპო აფხაზ და ოს საზოგადოებებზე პირველი პოზიტიური ეფექტის მოხდენის საშუალება.

მომდევნო მიზეზი, რის გამოც ბრიუსელის ჩართულობის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება შეფერხდა, სამშვიდობო პროცესისადმი თავად საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება აღმოჩნდა. 2010 წლის იანვარში წარდგენილი ქართული სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, სამწუხაროდ, „თაროზე შემოდებულ“ დოკუმენტად გადაიქცა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობდა.

გამომდინარე აქედან, იმ ფონზე, როცა თავად ქართულ პოლიტიკურ ელიტაში იკლებდა ინტერესი კონფლიქტების დარეგულირების მიმართ, ევროკავშირის ზედმეტ აქტიურობას უკვე თბილისშიც შეეძლო უნდობლობის გაღვივება, რაც ლოგიკურად ბრიუსელის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის სუიციდს გაუტოლდებოდა.

მესამე და ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამაც ევროკავშირს გზა მოუჭრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ოკუპაციის მასშტაბი და მათი ფიზიკური იზოლაცია იყო. თუკი 2010 წელს ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი შესაძლოა გულგრილად შეხვედროდა დასავლეთის გავლენის ზრდას სოხუმსა და ცხინვალში, მომდევნო წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ ის არანაირად არ დაუშვებდა ევროკავშირის პოზიციების გაძლიერებასა და სტატუს–კვოს ნებისმიერ ცვლილებას ამ ტერიტორიებზე.

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მიაღწია მიზნებს ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკამ, გლობალური მასშტაბით კრიზისების გეოგრაფიის ცვლილება აღმოჩნდა. 2014 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასია ლამის მთლიანად გავიდა ევროპის ყურადღების ცენტრიდან.

ომებმა უკრაინასა და სირიაში საქართველოს კონფლიქტების დარეგულირებაზე ზედმეტი ფინანსური და პოლიტიკური რესურის დახარჯვა ბრიუსელისთვის ნაკლებად პრიორიტეტული გახადა, შესაბამისად, სტაბილური მხარდაჭერის გარეშე „ჩართულობა აღიარების გარეშე“ არასისტემურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკად ჩამოყალიბდა.

სოხუმი, აფხაზეთი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

რატომ გვჭირდება ჩართულობა აღიარების გარეშე?

ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებების მიუხედავად, გაძლიერებული ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირები ევროკავშირსა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს შორის სამომავლოდ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ის კომპლექსური ვითარება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის გარშემო ტრიალებს, საქართველოს აშკარად წამგებიან პოზიციაში აყენებს. შესაბამისად, შეუძლებელია თბილისის სამშვიდობო პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს ადგილზე ძლიერი მხარდამჭერისა და რუსეთის დამაბალანსებელის გარეშე.

თავის მხრივ, ის ტაქტიკური პოლიტიკური ბრძოლა, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებაა, წარმოუდგენელია ბრიუსელის აქტიური მონაწილეობის გარეშე, რომელმაც მნიშვნელოვანია გაიაზროს, რომ უკვე დიდი ხანია სამხრეთ კავკასიაში დაინტერესებულ მხარედ აღიქმება და არა რიგით ნეიტრალურ გარე დამკვირვებლად.

ევროკავშირის მხრიდან განახლებული ენერგიისა და იდეების მობილიზება აფხაზი და ოსი საზოგადოებების ჩართულობის გასაზრდელად უპირველეს ყოვლისა თბილისის ინტერესებში შედის, რომელმაც ამჯერად მაქსიმალური ღიაობა უნდა გამოიჩინოს ბრიუსელისა თუ კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკის მიმართ.

ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების გამყარება ხელსაყრელ გარემოს ქმნის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპული ღირებულებებისა და მენტალობის გასაძლიერებლად, მაშინ როცა რუსეთი, მზარდი პოლიტიკური, კულტურული და საინფორმაციო გავლენის მიუხედავად, დღემდე ვერ ქმნის განვითარების მიმზიდველ პარადიგმას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აფხაზი და ოსი საზოგადოებების იზოლაციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ღიაობითა და ჩართულობის ახალი სტიმულებისა და ინსტრუმენტების გაჩენითაა შესაძლებელი. ევროპის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის ოპტიმიზაცია და არაღიარების საკითხზე თბილისის მაქსიმალური ნდობა საკუთარი პარტნიორებისადმი უალტერნატივო მიდგომა იქნება ქვეყანაში სტაბილური მშვიდობის ასაშენებლად და კონფლიქტით გახლეჩილი ადამიანების შერიგების პროცესის დასაწყებად.

თავის მხრივ კი, რაც უფრო მალე მოხდება წარსული შეცდომების გაანალიზება და ახლების მინიმუმამდე დაყვანა, მით მეტი შანსი გაჩნდება ჩართულობის გადასარჩენად აღიარების გარეშე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი