ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მოსახლეობის ნაწილი ახალი წლის გატარებას ნაგავსაყრელთან გეგმავს

4 დეკემბერი, 2018 • 2704
სოხუმში მოსახლეობის ნაწილი ახალი წლის გატარებას ნაგავსაყრელთან გეგმავს

სოხუმის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებმა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და აცხადებენ, რომ ახალ წელსაც აქ შეხვდებიან.

ზღვასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელის გაუქმებას მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა წლებია ითხოვს, თუმცა ადგილობრივი ჩინოვნიკებისგან მხოლოდ დაპირებები ესმით.

ნაგავსაყრელის ტერიტორიას მუდმივად თხრიან, ძველ ნაგავს ახალ ნარჩენებს აყრიან, თუმცა ნაგავსაყრელის ტერიტორია წლიდან წლამდე მაინც დიდი სისწრაფით ფართოვდება.

მოსახლეობის საპროტესტო აქცია, ნაგავსაყრელის გაუქმების მოთხოვნით, 3 დეკემბერს განახლდა და მასში მონაწილეობა დაახლოებით ასმა ადამიანმა მიიღო.

აქციის დროს მოსახლეობასთან ეროვნული კრების დეპუტატები, ლევონ გალუსტიანი და ახრა აბუხბა მივიდნენ, ასევე, სოხუმის ადმინისტრაციის უფროსი ადგურ ხარაზია, მისი მოადგილე, ლეონ კვარჩია, აფხაზეთის მთავარი ეკოლოგი საველი ჭითანავა.

მოსახლეობა მათ დაემუქრა, რომ პრობლემის მოგვარებამდე ქალაქის ნაგავსაყრელზე არცერთ ნაგვის მანქანას აღარ გაატარებს.

 

როგორც მოსახლეობა ჰყვება, ნაგვის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და დაიღალნენ ჩინოვნიკების დაპირებებით, რომ “რამეს გააკეთებენ”.

რაიონის მცხოვრები ელენა დანი ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვის გამო მის სახლში ბუზები, ტარაკნები და ვირთხები გაჩნდნენ. წლების განმავლობაში მეზობლებთან ერთად სხვადასხვა ინსტანციას მიმართავდა, თუმცა დაპირებების მეტი არაფერი მიუღია.

“დავიღალეთ უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების კაბინეტებში სიარულით, მათ არც ხელმძღვანელების ეშინიათ და არც ღმერთის. ჩვენ კიდე ამასობაში ვიტანჯებით”.

უკანანსკნელი სამი წლის განმავლობაში მოსახლეობა საგანგებო ვითარებაში ცხოვრობს. ამბობენ, რომ ნაგვის უტილიზაციის პრობლემა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადამიანზე ზემოქმედების შედეგები თავადვე კარგად შეისწავლეს.

“რბილი ქსოვილები, ნერვული სისტემა, ძვლები, ადამიანის ყველა ორგანო ზიანდება, თუკი ნაგავსაყრელიდან ორ კილომეტრის მოშორებით ცხოვრობ. ზუსტად 2 კილომეტრშია ნაგავსაყრელი ჩვენი სახლებიდან”, – ამბობს მცხოვრები ჯანსუღ ადლეიბა.

ქვეყნის მთავარი ეკოლოგი საველი ჭითანავაც ეთანხმება მოსახლეობას, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვე ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

“დიახ, ეს ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელსაც ჩვენ ერთ დღეში ვერ გადავჭრით. საჭიროა ახალი ადგილის მოძიება, გეოლოგიური შესწავლა. ასევე საჭიროა უზარმაზარი თანხმები, რომ ნაგავსაყრელი ახალ ადგილზე, სოხუმის გარეთ გადაიტანო”, – ამბობს ჭითანავა.

ქალაქის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ სოხუმის ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ, ვინაიდან ეს დიდ თანხებთაა დაკავშირებული.

სოხუმის მერის, ადგურ ხარაზიას თქმით, ნაგავსაყრელის გადატანა არათუ სოხუმის მერიას, ქვეყნის ხელისუფლებსაც კი არ შეუძლია.

მოსახლეობამ კი, რომელიც ჩინოვნიკების ნაბიჯების ლოდინით დაიღალა,  ნაგავსაყრელის დახურვა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მათ 1000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რათა რომელიმე დაუსახლებელ პუნქტში ნაგავსაყრელი დამოუკიდებლად მოაწყონ.

“ჩვენ ვიპოვეთ სამი ადგილი ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში, მაგრამ პრემიერმა გვითხრა, რომ ახლა ახალი მანქანებია საყიდი, რომელიც ნაგავს დაახარისხებს და ა.შ. როგორც უნდათ, ისე გადაჭრან პრობლემა, ჩვენ ნაგვისსაყრელ მანქანებს მაინც არ გავატარებთ”, – ამბობს მიკრორაიონის მცხოვრები ფელიქს ჩოლოქიანი.

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა კი ირწმუნება, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. შეუძლებელია ნაგავსაყრელის გადატანა ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

ეროვნული კრების დეპუტატები, რომლებიც ასევე მივიდნენ მიტინგზე ხალხთან, მოსახლეობას შეჰპირდნენ რომ ყველა შესაძლო საშუალებით შეეცდებიან მათი ინტერესის გათვალისწინებას, იმის მიუხედავად, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია საკმაოდ ძვირადღირებული და არამომგებიანი პროექტია.

“ეს პროექტი რომელიმე საინვესტიციო პროგრამაში უნდა შევიტანოთ. ნაგავსაყრელის პრობლემა სტრატეგიულ პროგრამებში უნდა ჩავრთოთ, ისევე როგორც ჯანდაცვა ან თავდაცვა, მაგალითად”, – ამბობს ახრა აბუხბა.

სანამ ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა იცავს საკუთარ უფლებას, სუფთა ჰაერი ისუნქთოს, ნაგავსაყრელზე 20-მდე მოქალაქე მუშაობს, რომლებიც მეტალს და შეშას აგროვებენ. 

რუსლან კაპბა ერთ-ერთი მათგანია. 10 წელია ნარჩენების დახარისხებით არის დაკავებული, ეძებს სპილენძს ძველი გაყვანილობებიდან და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გადაყრილი დეტალებიდან. მისი თქმით, ეს საქმიანობა არცთუ ისე შემოსავლიანია, თუმცა ჰყოფნის იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს.

“ადრე ყარაულად ვმუშაობდი და 3-4 ათას რუბლს [45-60 აშშ დოლარი] ვიღებდი, ამ ფულის შოვნა აქ 10 დღეში შემიძლია”, – ამბობს კაპბა. მას ნაგავსაყრელზევე აქვს ე.წ. ოფისი – კარავი, სადაც ფაქტიურად ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი