ახალი ამბები

ყოველი ჩვენთაგანი დასაქმებისუნარიანია – პროექტები, რომლებიც ევროკავშირმა დააფინანსა

3 დეკემბერი, 2018 • 1708
ყოველი ჩვენთაგანი დასაქმებისუნარიანია – პროექტები, რომლებიც ევროკავშირმა დააფინანსა

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმას განხორციელებაში ეხმარება. 2015-2017 წლებში განხორციელებული პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტები იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა შეუძლია სტრატეგიულად გათვლილ სწორ ნაბიჯებს, მაგალითად, უმუშევრობის დაძლევის კუთხით. ამ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა და ეფექტიანი ცვლილებები სჭირდება. განათლება დასაქმებისთვის – ეს სლოგანი ყველაზე კარგად აღწერს იმ რეფორმებსა და ცვლილებებს, რასაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

[blue_box]

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხი პროექტი

[/blue_box]

ცოტა ხანი თავი დავანებოთ მშრალ მონაცემებს. ფაქტია, თითოეულმა პროგრამამ მასში მონაწილე ადამიანების ბედი და ცხოვრება სამუდამოდ თუ არა, ამ ეტაპზე მაინც შეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უმაღლესი განათლების სამუშაოს მაძიებლები თუ საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლები – ამ ოთხმა პროექტმა, თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ – დიახ, ყოველი ჩვენთაგანი დასაქმებისუნარიანია. თითოეული პროექტის მიღმა ხომ ადამიანები დგანან, ადამიანები, რომლებიც თავად მოყვებიან თავიანთ ისტორიებს.

„შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფაქტია, რომ საქართველოში შშმ პირების დასაქმების შესაძლებლობა დღემდე უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ფინანსურად დაეხმარა პროექტს, რომლის მიზანიც შშმ პირებისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობის შექმნა იყო. პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიარეს თავად დამსაქმებელი ორგანიზაციების თანამშრომლებმაც – შშმ პირებთან დაკავშირებული ეთნიკური ნორმების, სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და ადაპტაციის საკითხებზე.

ნინო ხუციშვილი, 31 წლის, თბილისი

„ევროკავშირის დაფინანსებულმა პროექტმა მომცა თვითრეალიზების საშუალება და, როგორც იქნა, მოვახერხე საკუთარი ადგილის პოვნა“.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ – ამ პროექტმა საშუალება მისცა ნინოს, გაევლო პროფორიენტაციის ტრენინგი, დარეგისტრირებულიყო პროექტის მონაცემთა ბაზაში და მონაწილეობა მიეღო პროექტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების რამდენიმე სხვადასხვა ფორუმში.

ნინო საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას ფოკალური ეპილეფსიის გამო. მიუხედავად დასაქმების დიდი სურვილისა, მას პრობლემები ექმნებოდა, ფაქტობრივად, ყველა სამსახურში. პროექტის ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ შეიქმნა მის უნარებზე მორგებული სპეციალური პროფილი და მისი მონაცემები გადაეგზავნა სხვადასხვა დამსაქმებელს. რამდენიმე გასაუბრების შემდეგ ნინო აიყვანეს სტაჟირებაზე Wendy’s-ში. ხანმოკლე სტაჟირების გავლის შემდეგ ნინო დასაქმდა Dunkin Donuts-ში და მოახერხა გამხდარიყო 2017 წლის საუკეთესო თანამშრომელი.

ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

„საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“  ნებისმიერი სექტორის განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა კვალიფიციური კადრი. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს დაუჭირა მხარი, რომლის მიზანი ამ სექტორში სამუშაოს მაძიებლებისთვის კვალიფიკაციის დონის ამაღლება იყო.ამის მისაღწევადაც იმერეთის რეგიონში არაერთი სასწავლო ტური და საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აგროექსპერტებისთვის.

იოსებ კიკაჩეიშვილი – ვეტერინარული ასოციაცია, იმერეთი

„ჩვენს მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მესხებისათვის, რადგან მესაქონლეობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ევროკავშირის მხარდაჭერის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ  სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის დახმარება, რომელთა სიცოცხლისუნარიანობაც მთლიანად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე. მე უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ როგორც ტექნიკურად, ასევე ოპერატიულად, შევებრძოლოთ ყველაზე სახიფათო ინფექციებსაც კი, იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში“.

იმერეთის ვეტერინარული ასოციაცია იმ მცირერიცხოვან ვეტერინარულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებიც ცხოველების მოვლის, პრევენციული ზომების, სამკურნალწამლო მოვლის, სასაკლაოების, ლაბორატორიებისა და საკვების უსაფრთხოების ზედამხედველობის კუთხითაა სპეციალიზებული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის მხარდაჭერით, ასოციაცია 2014 წლიდან უზრუნველყოფს ფერმერებს არა მხოლოდ სავეტერინარო კონსულტაციებითა და ტექნიკური მომსახურებით, არამედ აქტიურად მუშაობს მათი ინფორმირების კუთხით საქონლის დაავადებების თემაზე და რეგიონში კერძო სავეტერინარო მომსახურების განვითარებასაც უჭერს მხარს.

„მესაქონლეთა ცოდნის ამაღლების კამპანია“ ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება აგრობიზნესისთვის საქართველოში“ – მხარდაჭერით. დაფინანსებამ საშუალება მისცა ასოციაციას, მომსახურებოდა 29 სოფელს 11 მუნიციპალიტეტში.

„ჩვენ გვჭირდებოდა სახსრები თანამედროვე სავეტერინარო აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მხარდაჭერის საჭიროების მქონე ყველა ფერმერის დახმარებას და ასევე იქნებოდა ორიენტირებული მესაქონლეობაზე დამოკიდებული ფერმერების შიდა სამეურნეო შემოსავლის ზრდაზეც“, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი, იოსებ კიკაჩეიშვილი.

იოსებ კიკაჩეიშვილი

იოსებ კიკაჩეიშვილი

„დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ – ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ კიდევ ერთი დაფინანსებული ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ჩაუტარდათ ტრენინგები, რომელიც თითოეულ მათგანს საკუთარი მცირე ბიზნესის სამართავად სჭირდებოდა. საექსპერტო-საკონკულტაციო დახმარების გარდა, მათ მცირედი ფულადი გრანტებიც მიიღეს ბიზნესის განსავითარებლად.

იამზე ხახუტაიშვილი, 47 წლის, ქობულეთი

„ევროკავშირის მხარდაჭერით შესაძლებლობა მომეცა, დამეხვეწა ჩემი საქმიანობა და მომეზიდა კიდევ უფრო მეტი კლიენტი, რის შედეგადაც საგრძნობლად გაიზარდა ჩემი შემოსავალი 2016 წლის ზაფხულში“.         

პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდში ქართველმა ქალმა მრავალი პასუხისმგებლობა იტვირთა თავისი ოჯახის გადასარჩენად. სასოფლო რაიონებში, მიუხედავად ქალების შეზღუდული როლისა, მათი სწრაფვა ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობისაკენ კვლავ გრძელდება. იამზე ხახუტაიშვილი ამის ბრწყინვალე მაგალითია. ის ნიჟარებისაგან სუვენირებს ამზადებს. ახლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მხარდაჭერით მიღებული დაფინანსებით, მან მოახერხა მცირე ბიზნესის განვითარება და 2016 წლის ზაფხულში საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მყისიერად გაიზარდა.

მისი ძირითადი კლიენტურა სწორედ სეზონური ტურისტები არიან, რომელთა რიცხვის მატებასთან ერთად იამზეს საშუალება მიეცა, გაეზარდა პროდუქტის ასორტიმენტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიეღო ბიზნესის მართვისათვის აუცილებელი ინფორმაცია. ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტერიისა და ხელოვნების კუთხით ცოდნის მიღების გარდა, მან შეძლო მცირე გრანტით დამატებითი მასალების შეძენა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფარვა.

იამზე ხახუტაიშვილი

იამზე ხახუტაიშვილი

 „საქართველოში ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიულ განათლებისა და შრომის ბაზრის სისტემებს შორის კავშირის გაძლიერება სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონტექსტში“ დასაქმების მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქვეყნის შორეულ რეგიონებში. რადგან ერთია თავად სამუშაო ადგილების სიმცირე და მეორეა – პროფესიონალი კადრი. ევროკავშირის კონკურსში გამარჯვებული  ეს პროექტი სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციურ მომზადებას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, შრომის ბაზრის მოთხოვნები გამოიკვეთა, გამოავლინეს ყველაზე  მოთხოვნადი პროფესიები და მხოლოდ ამის შემდეგ, აგარის, მესტიისა და ჯვარის სასწავლო ცენტრებში დაინტერესებული მოქალაქეები პროფესიულად გადაამზადეს.

პროფესიული განათლება დასაქმების ერთ-ერთი უმოკლესი გზაა. პროფესიული გადამზადების დროს მასში მონაწილე პირები უმოკლეს ვადაში იძენენ კონკრეტული სამუშაოსთვის საჭირო ცოდნას და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ამას გარდა, როდესაც არსებობს შრომის ბაზარზე ჩატარებული კვლევები, იმის მიხედვით ამზადებენ კონკრეტულ კადრებს, რომლებიც ამა თუ იმ სექტორის წარმომადგენლებს სჭირდებათ. ეს კი ადამიანს აძლევს საშუალებას, უმოკლეს დროში გაიაროს გადამზადება, დაეუფლოს ახალ პროფესიას და მიიღოს სასურველი  სამუშაო ადგილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი