ახალი ამბები

“სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

4 დეკემბერი, 2018 • 1969
“სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის” სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით,  შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ასაღებდნენ ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

როგორც სუს-ი იუწყება, აღნიშნული აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, შეადგინა 4 094 709 ლარი,” – წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ამავე საქმეზე ამა წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

სუს–ის ცნობით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სუს–მა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი