ახალი ამბები

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახლების გადასახურად აზბესტიც გამოიყენეს

4 დეკემბერი, 2018 • 4730
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახლების გადასახურად აზბესტიც გამოიყენეს

სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში საცხოვრებელი სახლებისა და კოპრუსების გადახურსითვის სხვა მასალებთან ერთად აზბესტიც გამოიყენეს. საუბარია შიფერზე, რომელიც აზბესტს შეიცავს. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი კიბოთი დაავადების რისკს ზრდის.

ნეტგაზეთს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უთხრეს, რომ გადასახური მასალის შესყიდვა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ოპერატიულ რეჟიმში მოხდა. სამინისტროს ცნობით, შიფერი მხოლოდ იმ ადგილებზე დარიგდა, სადაც ეს მასალა მანამდე იყო გამოყენებული. უწყებაში ირწმუნებიან, რომ გადასახური მასალის ჩანაცვლება მოხდება, თუმცა კონკრეტულ დროს არ ასახელებენ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა ფეისბუკზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა. სრულად ფოტომასალას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

“იმ გადასახური მასალებიდან, რაც დარიგდა, შიფერი შედარებით ცოტაა. საჭირო იყო დროულად დასრულებილიყო გადახურვის სამუშაოები. ამ პროცესში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მხოლოდ კოორდინაციას ახდენდა, ჩვენ არ ვიყავით ჩართული მასალის შესყიდვის პროცესში და გადასახური მასალა მუნიციპალიტეტმა იყიდა. შიფერის დარიგება მოხდა მხოლოდ იქ, სადაც აქამდეც ამ მასალით იყო ჭერი გადახურული. წარმოიდგეინეთ კორპუსი/შენობა, რომელიც 50 ნაჭერი შიფერით არის გადახურული და იქიდან სტიქიამ ორი დააზიანა. ჩაშენება ისევ შესაბამისი მასალით მოხდა, რადგან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სხვა მასალის გამოყენება ვერ მოხდებოდა,” – აცხადებენ სამინისტროში.

გადასახური მასალები 3 დეკემბერს ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ქუთაისსა და აბაშაში დარიგდა. ქუთაისსა და იმერეთის სხვა ნაწილებში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში 30 ნოემბერს ძლიერი ქარი იყო. ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები.


მსოფლიოს 53 ქვეყანაში აკრძალულია აზბესტის გამოყენება. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. შესაბამისად, საქართველოში ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია ისევ შემოდის. მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში 301 500 აშშ დოლარის ისეთი პროდუქცია შემოვიდა, რომელიც აზბესტს შეიცავს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში [2009 წლიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით] კი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში შემოტანილია 10 068 700 აშშ დოლარის ღირებულების აზბესტის შემცველი ნაწარმი.

გერმანიის გამოცდილების თანახმად, აზბესტის სახურავების მოხსნა მხოლოდ სპეცტანსაცმლით აღჭურვილ ხელოსნებს უნდა დაუკვეთოთ, რადგან მისი ნაწილაკები და მისგან წარმოქმნილი მტვერი ილექება ფილტვებში, რაც შემდეგ ხდება სასუნთქი გზების კიბოს წყარო.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/153582/

მასალების გადაბეჭდვის წესი