ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM-ს) 2020 წლამდე გაუგრძელეს მანდატი

3 დეკემბერი, 2018 • 1916
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM-ს) 2020 წლამდე გაუგრძელეს მანდატი

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) 2020 წლამდე გაუგრძელა მანდატი.

მომდევნო ორი წლისთვის — 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე — საბჭომ EUMM-ს გამოუყო 38.2 მილიონი ევრო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირმა 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ დააარსა.

მისიის მანდატად განსაზღვრულია სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენა, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე ყოველწლიურად გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ამჟამად მისიის ხელმძღვანელია ერიკ ჰოგი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა.

მათი ვებსაიტის თანახმად, საქმიანობის დაწყების შემდეგ მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს.

EUMM-ის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მათი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას”, – ნათქვამია მისიის ვებვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წინა გადაწყვეტილება მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ ევროკავშირის საბჭომ 2016 წელს მიიღო და მაშინაც ორი წლით გაახანგრძლივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი