ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი იძულებით ტოვებს უნგრეთს – “შავი დღე” ევროპისთვის

4 დეკემბერი, 2018 • 3703
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი იძულებით ტოვებს უნგრეთს – “შავი დღე” ევროპისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში “რკინის ფარდის” მოშლის შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს, ამბობს, რომ იძულებით ტოვებს ქვეყანას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად ვიქტორ ორბანის მთავრობასთან შეთანხმების ბოლო ვადა პირველი დეკემბერი იყო.

ორწლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს არის “შავი დღე ევროპისა და უნგრეთისთვის.”

აშშ-ში აკრედიტებული, რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა მორგებოდა კანონმდებლობას და ბუდაპეშტში დარჩენილიყო, თუმცა ქვეყნის მთავრობამ ამისათვის არაფერი გააკეთა.

“გასული 20 თვის განმავლობაში CEU-მ გადადგა ყველა ნაბიჯი, რათა მორგებოდა უნგრულ კანონს, დააფუძნა საგანმანათლებლო აქტივობები აშშ-ში, რაც აღიარეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა. თუმცა უნგრეთის მთავრობამ ნათელი გახადა, რომ მას არ სურს გააფორმოს შეთანხმება, რომელზეც თითქმის 1 წლის წინ მოელაპარაკა ნიუ იორკის შტატს [ამერიკულ მხარეს]”, – აცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

აკადემიის რექტორის, მაიკლ იგნატიეფის თქმით, ესაა “ტრაგიკული და სერიოზული დარღვევა აკადემიური თავისუფლებისა ევროპის გულში”. მისივე თქმით, უპრეცედენტოა, როცა აშშ-ში აკრედიტებულ უნივერსიტეტს ნატოს მოკავშირე ქვეყნიდან “ძალით უშვებენ”.

უნგრეთის მთავრობა უარყოფს ბრალდებებს აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი ვერ ერგება უმაღლესი განათლების რეგულაციებს.

ფაქტი უკვე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკომისიამ, რომელმაც მანამდე უმაღლესი განათლების ახალი კანონის გამო უნგრეთი ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში წარადგინა, ამბობს, რომ “უკიდურესად აღშფოთებულია” მომხდარით.

ლიბერალმა ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერმა გი ვერჰოფსტადტმა კი CEU-ს უნგრეთიდან გასვლას “ევროპის სირცხვილი” უწოდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპაში აკადემიას იძულებით ხურავენ.

მომხდარი დაგმეს აშშ-ის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმაც.

CEU-ს კამპუსი ბუდაპეშტში. ფოტო: CEU

პროცესები გასული წლის აპრილში დაიწყო, როცა უნგრეთის ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინა. ამჟამად უკვე დამტკიცებული კანონის მიხედვით, უცხოეთში აკრედიტებულ უნივერსიტეტს არ აქვს უფლება, იმუშაოს უნგრეთში, თუ ის სასწავლო პროგრამებს არ ახორციელებს მშობლიურ ქვეყანაშიც. CEU-ს შემთხვევაში, ეს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.

უნივერსიტეტმა დამატებითი პროგრამები ნიუ იორკის ერთ-ერთ კოლეჯში აამოქმედა, რათა კანონის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. ნიუ იორკის თვითმმართველობასა და უნგრეთის მთავრობას შორის გასულ წელს CEU-ს საკითხზე მოლაპარაკებაც შედგა, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში დარჩებოდა. თუმცა პროცესები წინ არ წასულა.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონმდებლობის მთავარი სამიზნე სწორედ CEU იყო, პროცესი კი უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბრძოლის ნაწილია წარმოშობით უნგრელ, აშშ-ში მცხოვრებ მილიარდერ ჯორჯ სოროსთან, რომელიც უნივერსიტეტის დამფუძნებელი და ბორდის წევრია.

ვიქტორ ორბანი და ჯორჯ სოროსი

სოროსმა CEU 1991 წელს დააფუძნა და სურდა, ღია, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გამავრცელებელი ყოფილიყო პოსტკომუნისტურ ევროპაში. უნივერსიტეტში, დაარსებიდან დღემდე, უნგრელებთან ერთად ასობით სტუდენტი სწავლობდა ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან, დასავლეთ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ორბანი, რომელიც თავად იყო სოროსის სტიპენდიანტი, ახლა მილიარდერს მასობრივი იმიგრაციის ხელშეწყობასა და ევროპული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

დიდი საერთაშორისო მხარდაჭერის პარალელურად, უნივერსიტეტის გადასარჩენად, პროცესების დაწყებიდან დღემდე, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა უნგრეთის ქუჩებში. პირველი მასშტაბური დემონსტრაციები 2017 წლის აპრილ-მაისში იმართებოდა.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია ბუდაპეშტში. 08.04.17 ფოტო: I stand with CEU

ბოლო კამპანია კი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა და სხვა მოქალაქეებმა უნგრეთის პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და პირველ დეკემბრამდე იქ იმყოფებოდნენ. მათი მთავარი ლოზუნგი იყო: “თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი აკადემია!”

უნგრეთის მთავრობა უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას “პოლიტიკურ ბლეფს” უწოდებს “სოროსის მხრიდან”. მთავრობის სპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არანაირი საბოლოო ვადა არ დაუწესებია და ეს თავად CEU-ს გადაწყვეტილება იყო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით კი, პირველი დეკემბერი შეთანხმების საბოლოო ვადად იმიტომ დააწესა, რომ დროულად მომზადებულიყო ახალი აკადემიური წლისთვის და უზრუნველეყო სტუდენტების გადაყვანა ვენაში განთავსებულ ახალ კამპუსში, თუ უნგრეთის მთავრობასთან საერთო ენას ვერ გამონახავდა.

ავსტრიის დედაქალაქში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს უკვე ელიან. 19 ნოემბერს მისი დამფუძნებელი სოროსი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს შეხვდა, რომელთანაც აკადემიის ვენაში გადანაცვლების დეტალები განიხილა.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ბუდაპეშტში შენობას შეინარჩუნებენ და გარკვეული ფორმით საქმიანობას განაგრძობენ. თუმცა, აშშ-ში აკრედიტებული პროგრამების სრული შემადგენლობა, სტუდენტებთან ერთად, მეზობელ ავსტრიაში გადაინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი