ახალი ამბები

VTB ბანკი: ცენტრალურ აფრიკაში 12 მლრდ დოლარის სესხი შეცდომით მივუთითეთ

3 დეკემბერი, 2018 • 3067
VTB ბანკი: ცენტრალურ აფრიკაში 12 მლრდ დოლარის სესხი შეცდომით მივუთითეთ

ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ რუსულმა სახელმწიფო ბანკმა, ვითიბი ბანკმა, 12 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, თუმცა მოგვიანებით ბანკმა განაცხადა, რომ დოკუმენტებში შეცდომა იყო გაპარული და რესპუბლიკისთვის ასეთი სესხი არ გაუციათ.

სესხის შესახებ “ვითიბის” კვარტალურ საფინანსო ანგარიშში იყო მითითებული, რომელიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა.

ანგარიშში მითითებული იყო, რომ ვითიბი ბანკმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას 801 933 814 000 რუბლი, ანუ 12 მილიარდი აშშ დოლარი გადაურიცხა, რაც 6-ჯერ მეტია, ვიდრე ამ ქვეყნის წლიური ეკონომიკური ბრუნვა.

როდესაც “როიტერსმა” ბანკს ჰკითხა ამ მონაცემების შესახებ, VTB-მ განუცხადა, რომ ეს სესხი სინამდვილეში არ არსებობს.

“VTB ბანკს არა აქვს ასეთი ზომის გადარიცხვა გაკეთებული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სავარაუდოა, რომ ეს არის ქვეყნების კოდირებისას დაშვებული ოპერაციული შეცდომა სისტემაში”, – განაცხადა ბანკმა. მათ არ დაუზუსტებიათ, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ შეცდომაზე, ან როგორ მოხდა, რომ ამ ოდენობის გადარიცხვა ოფიციალურ ანგარიშში ისე მიეთითებინათ, რომ არავის შეემჩნია.

ქვეყნის მთავრობის სპიკერმაც განაცხადა, რომ არ აქვს მსგავს სესხზე ინფორმაცია.

“არ ჰგავს სარწმუნო ცნობას, რადგან 11 მილიარდის სესხის გადახდა ბევრად აღემატება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ფინანსურ შესაძლებლობებს”,- თქვა მან და დასძინა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრიცაა და ასეთი ოდენობის გადარიცხვა მათთანაც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ იყო მითითებული, თუ ვინ იყო სესხის მიმღები, რა მიზნით გასცეს, ან როდის და რა პირობებით.

ბოლო წლებში რუსეთი უსაფრთხოების და ბიზნესის სფეროში აბამს კავშირებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან – მოსკოვი რესპუბლიკის ჯარს იარაღით და კონტრაქტორი მებრძოლებით ამარაგებს. ამასთან, რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთის მოქალაქეა.

მომზადებულია Reuters-ის მასალებზე დაყრდნობით

მასალების გადაბეჭდვის წესი