ახალი ამბები

ჩარკვიანი შიშობს, რომ კალაძის განცხადების შემდეგ მის ოჯახს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს

3 დეკემბერი, 2018 • 3096
ჩარკვიანი შიშობს, რომ კალაძის განცხადების შემდეგ მის ოჯახს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს

“ძალა ერთობაშიას” წევრი თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის განცხადებას ძალადობის გამართლებად აფასებს და შიშობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მის ოჯახს შესაძლოა უფრო დიდი საფრთხე დაემუქროს:

“დედაქალაქის მერმა პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს მომავალში ოჯახების შევიწროვებისკენ. ვკითხულობ მის ამონარიდს – “რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგნაიზაციებს შევატყობინებთ ამ ყველაფერს.

ჩემი ოჯახი აღმოჩნდა დიდი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ, რადგან პრაქტიკულად გაამართლა ბოროტმოქმედება დედაქალაქის მოქმედმა მერმა”, – თქვა ჩარკვიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დედაქალაქის მერი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს 1 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტში, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს. ამ ფაქტის კომენტირებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, თუმცა ასევე მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანების ბულინგი, რაშიც კალაძე რ2-ის დირექტორ ნიკა გვარამიას ადანაშაულებს. კალაძის თქმით, “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”:

“თვითონ ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლასა და ინტერვიუში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, თუ რა ხდებოდა მთელი ამ სარრჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორი ბილწსიტყვაობა მოდიოდა ეთერიდან, პირდაპირ დედის გინებაზე იყვნენ გადასულები და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს ამის შემდეგ…”, – აცხადებს კალაძე კომენტარში, რომელსაც რ2 ავრცელებს.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი აზრით, ოპოზიციის აგრესიული კამპანიის შედეგია თუ არა ამ ტიპის რეაქცია, კალაძე ამბობს:

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცით, ეს გამონათქვამი? კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც გვარმია ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი მხარდამჭერების მიმართ… იმუქრებოდა ჩარეცხვით, ადამიანებს ეუბნებოდა, ყველას დაგთვლით. ვინ უნდა ჩარეცხოს ან ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ?”, – აცხადებს კალაძე.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ადამიანი დააკავეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. აქედან ერთი ადამიანი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.

შსს-ს ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, — წერს შსს.

კალაძე ასევე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის, დავით მაჭავარიანის ინციდენტში შესაძლო მონაწილეობის საკითხს, რომელიც ამას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ადამიანებს აშველებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი