ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ცნეს

13 ივნისი, 2014 • • 1304
აფხაზეთში კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ ცნეს

ხაჯიმბას განცხადებით, ყველა პასპორტი, რომელიც გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციებში კომისიის რეკომენდაციით იყო გაცემული, გაუქმებულია, “ვინაიდან თვითონ კომისიები იყო უკანონო, როგორც ეს პასპორტიზაციის საკითხებზე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი”.

 

“გალის რაიონში მცხოვრებთაგან ბევრი საქართველოს მოქალაქეა, რაც გენერალური პროკურატურის მიერ საარჩევნო შემოწმების გზით მოპოვებულ დოკუმენტებში დასტურდება, ეს 25-26 ათასამდე პასპორტს შეეხება. ამ კატეგორიის ადამიანებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, სანამ უხეში დარღვევებით გაცემული მათი პასპორტების საკითხი არ გაირკვევა”,- განაცხადა ხაჯიმბამ.

 

მისი განმარტებით, ადამიანები, რომლებსაც მსგავსი პასპორტები აქვთ მიღებული, აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ.

 

“ამ ხალხმა ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს სახელმწიფო, მაგრამ მათი სამართლებრივი სტატუსი ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს”.

 

ხაჯიმბას აზრით, მოქმედად ჩაითვლება ის პასპორტები, რომლებიც “ადგილობრივი ადმინისტრაციების უკანონო კომისიების” შექმნამდე გაიცა.

 

დეპუტატი კატეგორიულად არ ეთანხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს, ბატალომ ტაბაღუას, რომელმაც 11 ივნისს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს მხოლოდ იმ 1180 ადამიანის გვარი, რომლებსაც უკანონოდ გაცემული პასპორტები ჩამოერთვათ.

 

“ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან უკანონო პასპორტიზაციის გამოსწორებას მოვითხოვდით, პრეზიდენტმა ეს ვერ გაიგო და ამიტომაც ხალხმა და ერმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. ამიტომ მას [ტაბაღუა] უნდა ესმოდეს, რომ ეს მხოლოდ საუბრები არ არის. ეს შესაბამისი საკანონმდებლო სტრუქტურის მოთხოვნაა, რომ აუცილებლად მოხდეს პარლამენტის დებულებების შესაბამისობაში მოყვანა”.

 

მისივე თქმით, “საჭიროების შემთხვევაში კანონს მიიღებენ და ცესკოს თავმჯდომარე იძულებული ინება იმოქმედოს კანონის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს შეეხება”.

 

ხაჯიმბამ ასევე განაცხადა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც პასპორტიზაციის საკითხებზე და გალის რაიონის მოსახლეობის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ პარლამენტს საკუთარ წინადადებებს შესთავაზებს.



“ცესკო ვალდებული იქნება ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს, სხვა გზა არ ექნება”,- მიიჩნევს ხაჯიმბა.

 

მან 2004 წლის მოვლენები გაიხსენა, როცა პარლამენტმა და პრეზიდენტმა ცესკოს ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის შეცვლის რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს.


“თუ სიტუაციამ ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვა, შეიძლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის შეცვლაც მოითხოვოს.”

 

რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი
რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი

 

   მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი