საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართ

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ჰაკათონი გამართა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმო ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას-მობილბანკის თემატიკას. კერძოდ კი, mBank-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებას. ჰაკათონში მონაწილეობისთვის საკმარისი იყო მონაწილეებს ჰქონოდათ იდეა მარტივი პროტოტიპის შესაქმნელად. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარმა 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მათი იდეები მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ – მიეღოთ შესაძლებლობა თავად განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვახტანგ ბობოხიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მობილბანკის გაუმჯობესების იდეისთვის მიიღო ფულადი ჯილდო – 5 000 ლარი. ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში. მეორე ადგილის მოპოვებისათვის გამარჯვებულ გუნდს, (მობილური ტელეფონის მეშვეობით, პლასტიკური ბარათის გარეშე, თანხის განაღდების იდეისთვის) და ასევე, მესამე ადგილზე გასულ გუნდს (რამდენიმე ფიზიკური პირისათვის საერთო ანგარიშის აქტივაციის იდეისთვის) სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი