ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციას ერთობლივ მუშაობას სთავაზობს, ოღონდ არა – პროპორციულ სისტემაზე

3 დეკემბერი, 2018 • 2036
ხელისუფლება ოპოზიციას ერთობლივ მუშაობას სთავაზობს, ოღონდ არა – პროპორციულ სისტემაზე

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს.

თუმცა ეს არ გულისხმობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩატარებას, რის შესახებაც ხელახალი დისკუსიის წარმოებას მმართველ გუნდში შეუძლებლად მიიჩნევენ.

“საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, ჩვენთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტია ის რეკომენდაციები, რომლებიც მივიღეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, ძირითადად ეს შეეხება ეუთოს.  წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება, რომ პარლამენტი იმუშავებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია ამ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და კანონდებლობაში ასასახად”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიციას ექნება სურვილი, რომ ჩაერთოს ამ საკითხებზე დისკუსიაში და მონაწილეობა მიიღოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება.

“იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. რაც შეხება საარჩევნო სისტემას, საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში ჩვენ ვთავაზობდით ოპოზიციას 2020 წელს პრორპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და კარგი იქნებოდა, მაშინ მხარი დაეჭირათ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს. შედეგად,  განსაზღვრული გვაქვს, რომ 2020 წლის შემდგომ ქვეყანა გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და არ მგონია, რომ ამაზე ხელახლა საუბრის დაწყება შესაძლებელი იყოს”, – ამბობს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ახლა პირველი რიგის ამოცანაა, “პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდეს ისე, როგორც ქვეყანა ამას იმსახურებს”. თუმცა, სად ჩატარდება ინაუგურაცია და რეალურად განიხილება თუ არა ვარიანტი, რომ ინაუგურაცია თბილისში არ ჩატარდეს, ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს.

გაერთიანებული ოპოზიცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამასთან, ოპოზიცია პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული, თუმცა მმართველ გუნდში უკვე გამორიცხეს ოპოზიციასთან დიალოგი არჩევნების საკითხზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი