ახალი ამბები

სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდის ამოქმედება შესაძლოა დაგვიანდეს – მაჭავარიანი

3 დეკემბერი, 2018 • 2659
სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდის ამოქმედება შესაძლოა დაგვიანდეს – მაჭავარიანი

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული ვებ-გვერდის ამოქმედება შესაძლოა დაგვიანდეს.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პროცესის დაგვიანება რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას უკავშირდება, რომლებმაც “ქართუს” პირობებზე დათანხმება გადაწყვიტეს. ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ საიტის დაგვიანების მიუხედავად, წლის ბოლომდე 600 ათას ადამიანს სესხი მაინც ჩამოეწერება.

“როგორც ვიცი, საიტის საბოლოო სიებით გაშვება შესაძლოა დაგვიანდეს. ამ პროგრამაში დაახლოებით 10 საფინასო ინსიტუტი ჩაერთო. შესაბამისად, დამატებითი ბაზები მოდის, ამიტომ ეს არის შესაჯერებელი. ეს ჩვეულებრი ტექნიკური სამუშაოებია და მგონია, რომ IT სამსახურებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა მთავარი პრინციპი, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება ვალების ჩამოწერა და ე.წ შავი სიიდან დაახლოებით 600 ათასი ადამიანის ამოღება მოხდება, ეს პროცესი წლის ბოლოს დასრულდება,” – აცხადებს მაჭავარიანი.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

19 ნოემბერს ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი