ახალი ამბები

2020 წლიდან თბილისში 200 ელექტროავტობუსი შემოვა – კახა კალაძე

3 დეკემბერი, 2018 • 2433
2020 წლიდან თბილისში 200 ელექტროავტობუსი შემოვა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2020 წლიდან თბილისში დამატებით 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის არსებული ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება. ამ დროისთვის მერიამ უკვე შეისყიდა დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა.

220 ერთეულ დიზელისძრავიან რვამეტრიან ავრობუსებზე კი შესყიდვის სატენდერო პროცედურა დასრულდა და მალე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია:

“2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

კალაძის თქმით, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; მოეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება.

დედაქალაქის მერის თქმით, სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ივე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით მგზავრობის დროს შეამცირებს:

„უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები – შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი