ახალი ამბები

კარვების საქმეზე სასამართლომ სარალიძე/მაჩალიკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

3 დეკემბერი, 2018 • 2021
კარვების საქმეზე სასამართლომ სარალიძე/მაჩალიკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კარვების საქმეზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო. საქმე ეხებოდა 26 სექტემბერს საპატრულო პოლიციის მიერ სარალიძისთვის და მაჩალიკაშვილისთვის კარვების გაშლაში ხელის შეშლას.

როგორც ნეტგაზეთს მოსარჩლე მხარის ადვოკატმა, მიხეილ ჯახუამ (საია) განუცხადა, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ დღეს პარლამენტთან კარვები დგას და ამ საქმის განხილვას აზრი აღარ აქვს.

“სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე დაუშვებლდ ცნო ჩვენი სარჩელი 26 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვდით 26 სექტმებერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქმედების უკანონოდ ცნობას. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება კი დააყრდნო იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დღეს აქ კარვები დგას.

დღეს რომ კარვები დგას, ეს ფაქტი თავად ნიშნავს იმის აღიარებას, რომ 26 სექტემბერის ქმედებები იყო უკანონო. სამწუხაროდ, სასამართლომ არ მისცა მოსარჩლეს იმის შესაძლებლობა, რომ შსს-ს მოქმედების უკანონობა დაემტკიცებინა,” – ამბობს ადვოკატი.

როგორც საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ცუდ პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი.

“თუ ოდესმე ვინმე მოინდომებს კარვის გაშლას, არ აქვს მნიშვნელობა, რუსთაველზე იქნება თუ სხვა ადგილას, შსს გეტყვით, რომ არ გაგაშლევინებთ კარავს, რადგან აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, თითქოს აქ რაღაც იგეგმება. ამის შემდეგ, 2-3 თვისთავზე, როცა თქვენ უკვე კარავი გაშლილი გაქვთ, სასამართლო არ იმსჯელებს, კანონიერი იყო თუ არა პოლიციის მაშინდელი ქმედება,” – ამბობს ის.

სულხან სალაძე დასძენს, რომ  განჩინების ჩაბარების შემდეგ სააპელაციოში გაგრძელდება დავა

ზაზა სარალიძის თქმით, დღეს ვერ მიიღო პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ უზღუდავდნენ აქციაზე კარვის გაშლის უფლებას. მისი თქმით, შსს, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ კარვების გაშლის აკრძალვის საფუძველი არ ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი