ახალი ამბები

თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთაგან 6 უკრაინის, 1 კი საქართველოს მოქალაქეა – შსს

2 დეკემბერი, 2018 • 1521
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთაგან 6 უკრაინის, 1 კი საქართველოს მოქალაქეა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დამატებით ცნობებს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლიხაურის ქუჩაზე, სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში” უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

“სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით ნაწილებითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს ასევე ამბობს, რომ ადგენს, “არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან”.

ლიხაურის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ცნობა “რუსთავი2”-მა გაავრცელა. ტელეარხი იუწყება, რომ 5 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა და აცხადებდა, რომ ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეა.

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია, თავდაპირველად, “რუსთავი2”-მა გაავრცელა. ტელეარხი იუწყება, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ბატალიონ “დონბასის” მებრძოლი ლუკა ჩხეტიაა, რომელიც, არხისვე ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად უკრაინიდან სპეციალურად ჩამოვიდა.

ჩხეტიას ოჯახი რ2-თან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო წინასწარ გეგმავდა მის აყვანას და დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩემი ძმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გახარიამ და მისმა მარიონეტებმა. მათ ეს გააკეთეს, დაგეგმეს, იქექებოდნენ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე, ეძებდნენ, ვერაფერი იპოვეს… მთელი დღე და ღამე ჩვენი ფეისბუქ გვერდები ჩართული იყო, როცა ჩვენ არ ვიყავით საიტზე.

ჩვენ ველოდით, რომ ჩემს ძმას რაღაცას გაუკეთებდნენ. ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის ამდენი წელი, ორჯერაა ავღანეთში ნამყოფი… ასეთი ადამიანი რომ ასე დაიჭირონ და უსამართლოდ მოექცნენ, ამას არ დავუშვებთ”, – უთხრა დაკავებულის დამ, მარინა ჩხეტიამ “რუსთავი2”-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი