ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია – ზაზა სარალიძე

რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქციას შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

მაჩალიკაშვილის შემდეგ, შეკრებილებს სიტყვით ზაზა სარალიძემ მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში “ჭეშმარიტება იზეიმებს”.

“დღეს[1 წლის წინ] დალია ჩემმა შვილმა სული საავადმყოფოში. ჩემთვის, ჩემს მოკლულ შვილთან ერთად, მოკვდა ის საქართველოს ნაწილიც, რომელმაც ტალახი გვესროლა და რომლებიც დღემდე კბილებით იცავენ ჩემი შვილების მკვლელებს. მხოლოდ ერთს გთხოვთ: სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოთ ხვალ შემდეგი. დაგვიდეგით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. ღმერთმა დაგლოცოთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ორივე შვილმოკლული მამა 80 დღეზე მეტია, განაახლეს აქციები რუსთაველის გამზირზე, მათი შვილების საქმეების სათანადო გამოძიების მოთხოვნით. ზაზა სარალიძის შვილი, დავით სარალიძე, რომლის დაღუპვიდანაც დღეს 1 წელი გავიდა, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ ჩხუბს ემსხვერპლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ვაჟი, თემირლან მაჩალიკაშვილი კი გასული წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარეობს. ოპოზიცია არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და სამუშაო ჯგუფის შექმნას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად”. ის ასევე გეგმავს, სასამართლოს გზით მოითხოვოს მეორე ტურის შედეგების გაბათილებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან