ახალი ამბები

ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

2 დეკემბერი, 2018 • 2009
ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ: შექმენით სამუშაო ჯგუფი, თუნდაც ხუთი კაცის შემადგენლობით. ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან.

ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები”, – აღნიშნა მან.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია არ აპირებს, კონსტიტუციის ფარგლებს გასცდეს და ხელისუფლებას, ხალხთან ერთად, “სამართლებრივად დაამარცხებს”.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ სცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი