ახალი ამბები

უკრაინამ მოსკოვთან დაკავშირებული მიტროპოლიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

2 დეკემბერი, 2018 • 1434
უკრაინამ მოსკოვთან დაკავშირებული მიტროპოლიტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული სასულიერო პირის, კიევის პეჩორის ლავრის წინამძღვარ პავლეს სახლი გაჩხრიკეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” და უკრაინული მედია ამავე უწყებაზე დაყრდნობით იტყობინებიან.

საგამოძიებო მოქმედებები სასულიერო პირის სახლში გუშინ, 30 ნოემბერს ჩატარდა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიტროპოლიტ პავლეს გამოძიება ედავება მოქალაქეთა თანასწორობის შელახვას რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ ნიადაგზე და ინტერ-კონფესიური შუღლის წაქეზებას.

აღნიშნულს იმავე დღეს გამოეხმაურა თავად მიტროპოლიტი, რომელმაც ჩხრეკა პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ზეწოლა და მუქარები “პერსონალურად” მის მიმართ ხორციელდება. Associated Press-ის ცნობით, პირდაპირ ეთერში ჩართვისას რუსეთის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიაში მოქმედმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა უშუალოდ პრეზიდენტ პოროშენკოს დაკვეთილი იყო, რომელსაც დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა სურს. მისი ვე თქმით, არ აღიარებს სხვა არცერთ ეკლესიას უკრაინაში[გარდა მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მყოფისა].

მიტროპოლიტი პავლე უკრაინაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ძეგლს, კიევის პეჩორის ლავრას განაგებს. ლავრა ამ დრომდე რჩება უკრაინის იმ ეკლესიის დაქვემდებარებაში, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.

მომხდარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია ერთი მხრივ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის გააქტიურების, მეორე მხრივ კი უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე.

რელიგიური ძეგლების საკითხი ერთ-ერთია, რითაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეები მანიპულირებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარე ძალადობრივად მიიტაცებს ამ დრომდე მოსკოვის გავლენის ქვეშ არსებულ სალოცავებს, რასაც კიევში უარყოფენ. კიევის პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ ნებისმიერი საეკლესიო ქონების განკარგვის საკითხი შესაბამისი პროცედურებით რეგულირდება.

ზემოაღნიშნულ ფაქტამდე, 24 ნოემბერს, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას არანაკლებ მნიშვნელოვანი პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის უფლება გაუუქმა. ამის შესახებ უწყებამ განცხადება 23 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა.

სამინისტროში შესული საჩივრის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ  ლავრის 6 ნაგებობა მოსკოვს სარგებლობაში არალეგალურად, წესების დარღვევით გადაეცა.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, რომელიც არ ცნობს მოსკოვის “ხელისუფლებას”, ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, ორივე ლავრა ქვეყნის ადგილობრივ ეკლესიას დაექვემდებარება.

“თუ ერთი მხრივ, უკრაინაში არსებობს ადგილობრივი ეკლესია, მეორე მხრივ კი რუსული, არაბუნებრივია, უკრაინული წმინდა ადგილები რუსეთის ეკლესიას ეკუთვნოდეს. ეს იქნება არაბუნებრივი და არალეგალური”, – აღნიშნა მან “უკრაინსკაია პრავდა”-სთან ინტერვიუს დროს და დაამატა, რომ “ორივე ლავრა უკრაინის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა გარკვეულ პერიოდში”.

უკრაინაში ამჟამად სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარეტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი