გაერთიანებული ოპოზიციის აქციას “რესპუბლიკელები” არ უერთდებიან

“რესპუბლიკური პარტია” ხვალ, 2 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მანიფესტაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ოპოზიციის შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” “ძალა ერთობაშია”-ს ინიციატივებისა და მოთხოვნებისადმი სოლიდარული რჩება.

“გაგვაცნეს საკუთარი ინიციატივები, თუ რა ინიციატივებით გამოვა გაერთიანებული ოპოზიცია, თუ რა მოთხოვნები ექნება მას ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით. ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო სისტემა, საარჩევნო პროცედურები, რაც ძირეულად შესაცვლელია. ქუჩაში, ამ აქციაზე რესპუბლიკელები არ ვიქნებით, თუმცა ამ ინიციატივებში მხარს დავუჭერთ”, – აღნიშნა მან.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ოპოზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან აქციას გეგმავს.

უკვე ცნობილია, “რესპუბლიკელების” გარდა, აქციას არც “ევროპული საქართველო” შეუერთდება, თუმცა პარტიის ლიდერებმა, გიგი უგულავამ და თენგიზ გუნავამ განაცხადეს, რომ დემონსტრაციაზე დამოუკიდებლად წავლენ.

არჩევნებს არ ვაღიარებთ, მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს – ვაშაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან