ახალი ამბები

გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე – ვაშაძე

1 დეკემბერი, 2018 • 2054
გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე – ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს, 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი რამდენიმე ინციდენტია, რომლებიც ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს ბოლო დღეებში შეემთხვათ.

“გადავდივართ კვლავ საგანგებო რეჟიმზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვამოქმედებთ ცხელ ხაზს, სადაც თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ექნება მსგავსი ინციდენტი, 24 საათის მანძილზე შეუძლია დაგვიკავშირდეს. ჩვენი ტელეფონის ნომერია: 2 11 02 45”, – აღნიშნა მან.

ვაშაძე ოპოზიციის მიმართ განხორიელებულ აგრესიულ ქმედებებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია აღნიშნული პროცესების შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

“მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” ლიდერებს: ცოტა დაოკდით ხალხო და დააოკეთ თქვენი ზონდერბრიგადები, რომლებიც დაძრწიან ქუჩებში. ერთი მოწოდება მაინც გააკეთეთ მშვიდობისკენ თქვენი ამ კრიმინალების მიმართ, რომლებიც თქვენთან ერთად დაძრწოდნენ საარჩევნო უბნებზე. ერთხელ მაინც იგრძენით, რომ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან პროცესთან, ძალიან დაძაბულია მდგომარეობა ქვეყანაში. და ერთხელ მაინც გაიაზრეთ, რომ ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში და გაქვთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ძალა ერთობაშია”-ს წევრს, ბაჩუკი ქარდავას თბილისში,ყიფშიძის ქუჩაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში მაღაზიის დაცვა ჩაერია, პირები ადგილიდან მიიმალნენ.

“ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, რომ ქარდავას პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მას მაინც გამოკითხავს.

მანამდე კი, გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტში მას და მის ქმარს რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს. ჩარკვიანის თქმით, ინციდენტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. შსს-მ უკვე დააკავა 4 ადამიანი – ერთი – ძალადობის, სამი კი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი