ახალი ამბები

საქართველოში “გაუგონარი მიზეზით” არ შემოუშვეს თეირანელი დიჯეი Ahu – კლუბი “მტკვარზე”

1 დეკემბერი, 2018 • 2008
საქართველოში “გაუგონარი მიზეზით” არ შემოუშვეს თეირანელი დიჯეი Ahu – კლუბი “მტკვარზე”

კლუბი “მტკვარზე” აცხადებს, რომ 30 ნოემბერს თეირანელი მუსიკოსი, სასცენო სახელით Ahu, საქართველოში არ შემოუშვეს.

კლუბის სიტყვებით, Ahu-ს, რომელიც 1 დეკემბრის შოუს მთავარი გამომსვლელი უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი “აბსოლუტურად გაუგონარი მიზეზით” უთხრეს.

დოკუმენტში, რომელიც კლუბმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზად მითითებულია, რომ მუსიკოსი “არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნების და მგზავრობის მიზნის შესახებ”.

Ahu უნდა გამოსულიყო შოუზე სახელწოდებით Deep House Tehran Showcase.

როგორც “მტკვარზე” განმარტავს, Ahu  უდიდეს გავლენას ახდენს ირანის კულტურულ ცხოვრობაზე. მათივე ცნობით, Ahu ამჟამად ბერლინში ცხოვრობს.

“მისი მოღვაწეობის, კულტურული გავლენისა და ემიგრაციის შედმეგ, ჩვენც და არტისტსაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ირანის მთავრობისთვის ის სასურველი პერსონა არ არის. სამწუხაროდ, ამ მიზეზით თანამედროვე აღმოსავლეთის ერთ-ერთი განსაკუთრებული არტისტი არასასურველი პერსონა აღმოჩნდა საქართველოსთვისაც”, – წერია კლუბის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმის გასარკვევად “სახელმწიფომ და ქალაქმა არანაირი ინტერესი არ გამოავლინა”. იმის ფონზე, რომ ახლა თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი მიმდინარეობს, ასეთი უყურადღებობა, მათი შეფასებით, ადასტურებს, რომ “ისინი საკლუბო სცენას ხედავნ მხოლოდ როგორც ეკონომიკას და არცერთ შემთხვევაში, როგორც კულტურულ სივრცეს”.

Deep House Tehran Showcase-ი დღეს მაინც ჩატარდება.

კლუბი აცხადებს, რომ Deep House Tehran Showcase მათი პირველი ნაბიჯია იმ მიზნით, რომ თბილისმა, როგორც “ახალ აღმოსავლეთში გამორჩეულმა კულტურულმა ცენტრმა”, დაიწყოს “სისტემური და ძლიერი კულტურული კავშირების ჩამოყალიბება მეზობელ ქალაქებთან, სადაც საცეკვაო კულტურა ჯერ კიდევ დიდ ზეწოლას განიცდის სახელმწიფოს, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ან ბაზრის მხრიდან”.

მათივე ცნობით, ამ ახალი კულტურული მიმართულების ფარგლებში გეგმავენ მოიწვიონ სტუმრები პალესტინიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი