ახალი ამბები

“მკვლელები არ დასჯილან” – მსვლელობა ხორავას ქუჩისკენ, მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ

1 დეკემბერი, 2018 • 1605
“მკვლელები არ დასჯილან” – მსვლელობა ხორავას ქუჩისკენ, მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, საქმის სათანადო გამოძიება და დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა მსვლელობით მოითხოვეს. მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტიდან მკვლელობის ადგილზე მივიდა, სანთლები დაანთო და კიდევ ერთხელ მოითხოვა, პასუხი გაეცეს კითხვას, ვინ მოკლა გასული წლის 1 დეკემბერს დავით სარალიძე.

შვილმოკლული მამის პოზიცია ხანგრძლივი პროტესტის შემდეგაც უცვლელია: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებს, მანამ, სანამ დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავეებს სახელმწიფო პასუხისგებაში არ მისცემს.

“ერთი პირი დანაშაულს იხდის ჩემი შვილის მკვლელობის მცდელობისთვის. სასამართლომ და პროკურატურამ რაც უნდა იძახონ, რომ მომაკვდინებელი ჭრილობის ავტორი არ არის… მომაკვდინებელი იყო 12-ვე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს მიაყენეს, ყველა [ვინც ეს ჩაიდინა] არის მკვლელი. ერთი არის მარტო დაჭერილი. ორი დადის თავისუფლად. სანამ ის ორი კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მანამდე ჯობია, გონს მოეგოს ხელისუფლება და პასუხისგებაში მისცეს ყველ”, – ამბობს ის.

მსვლელობის მონაწილეები ორ ადგილას შეჩერდნენ: პირველად – 51-ე სკოლის წინ, სადაც მოკლული მოზარდები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწავლობდნენ. ზაზა სარალიძემ სკოლის შენობის ფანჯარასთან ორივე მათგანის შავ-თეთრი ფოტო განათავსა და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთო.

ასევე მოიქცნენ ის და მისი მხარდამჭერები მსვლელობის დასასრულს, ხორავას ქუჩაზე – იმ ეზოში, სადაც გასულ წელს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. ადგილზე მოქალაქეებმა სანთლებთან ერთად ყვავილებით დატოვეს. მკვლელობიდან 1 წლისთავზე პროტესტი მდუმარე იყო – მსვლელობისას არცერთი განცხადება არ გაკეთებულა.

მსვლელობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის წლისთავზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია ზაზა სარალიძე 51-ე სკოლასთან. მოქალაქეები სანთლებს ანთებენ ხორავას ქუჩაზე მდებარე ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია მოქალაქეები სანთლებს ანთებენ ხორავას ქუჩაზე მდებარე ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დღეს, 2018 წლის 1 დეკემბერს, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ქუჩურის გარჩევისას დახოცეს.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, დღემდე უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნით თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისიაც, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით დასკვნები მოამზადა. თუმცა, სარალიძის ოჯახი ამ დრომდე ითხოვს დავით სარალიძის მკვლელების დასჯას და სახელმწიფოს გამოძიების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, “არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან”.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 1 წლის თავზე აცხადებს, რომ სახელმწიფო სასამართლო პროცესის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს. ის კვლავ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ამბობს, რომ შედეგი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი