ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში ქარი საღამოსთვის ჩადგება, მოსალოდნელია წვიმა – პროგნოზი

1 დეკემბერი, 2018 • 1495
დასავლეთ საქართველოში ქარი საღამოსთვის ჩადგება, მოსალოდნელია წვიმა – პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში ქარმა უკვე დაიწყო ნელ-ნელა შესუსტება, საღამოსთვის კი ბოლომდე ჩადგება – უთხრეს ნეტგაზეთს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.

დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი, რაც, როგორც სამმართველოში გვითხრეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მოსახლეობას, რომლის სახლებსაც ქარმა სახურავები გადახადა და ა.შ.

წვიმა 2 დეკემბრის დღის პირვლ ნახევრამდე გაგრძელდება.

4 დეკემბერს კი სუსტი ქარია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა და ძალიან ძლიერმა ქარმა 30 ნოემბერს არაერთი პრობლემა შექმნა: სახურავები გადახადა შენობებს, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები.

1 დეკემბრის 00:00 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება იყო შესული. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც სამმართველოში ამბობენ, ცალკეულ რეგიონებში გრიგალის სიჩქარე 32-34 მ/წმ-ს შორის მერყეობდა.

სტიქიამ პრობლემები ქუთაისის აეროპორტსაც შეუქმნა: სამი რეისი გაუქმდა, რიგა-ქუთაისის ლაინერი კი უამინდობის გამო თბილისში დაეშვა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო, საგანგებო რეჟიმში განაგრძობს განაგრძობს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი