ახალი ამბები

ქარის გამო რიგა-ქუთაისის რეისი თბილისში დაეშვა, გაუქმებულია 3 ფრენა

30 ნოემბერი, 2018 • 1924
ქარის გამო რიგა-ქუთაისის რეისი თბილისში დაეშვა, გაუქმებულია 3 ფრენა

ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ავიაკომპანია “ვიზეარის” რიგის რეისი ცოტა ხნის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, უამინდობის გამო, ჯამში, ავიაკომპანია “ვიზეარის” სამი რეისია გაუქმებული:  ქუთაისი-მილანი-ქუთაისის, ქუთაისი ბარსელონა-ქუთაისისა და ქუთაისი- რიგის რეისები.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება. რაც შეეხება რიგა-ქუთაისის მგზავრებს, მათ ქუთაისში ტრანსპორტირებას ავტობუსებით ჯორჯიან ბასი უზრუნველყოფს”, – აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, სტიქიის გამო, ავიაკომპანია “ვიზეარსა” და მის მგზავრებს სხვა პრობლემებიც შეექმნათ: კომპანიის კუთვნილი ორი ლაინერიდან ბარგის გადმოტვირთვა ვერ ხერხდებოდა.

“მგზავრებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში, ბარგი მიეწოდებათ სასურველ მისამართზე”, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

ქუთაისსა და იმერეთის სხვა ნაწილებში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში დილიდან ძლიერი ქარია. სტიქიამ სხვა არაერთი პრობლემა შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი