ახალი ამბები

ოჯახში ძალადობა უფრო მკაცრად დაისჯება – კანონპროექტი დამტკიცებულია

30 ნოემბერი, 2018 • 2853
ოჯახში ძალადობა უფრო მკაცრად დაისჯება – კანონპროექტი დამტკიცებულია

ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრებულია. ოჯახში ძალადობისა და დანაშაულების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდა.

შსს-ს ცნობით, ახალი კანონის ძალით, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი კი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, უწყების განცხადებით, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და სანქცია იქნება უფრო მკაცრი.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯებოდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 150-180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი