ახალი ამბები

87-ე სკოლაში მენინგოკოკცემიის მოსწავლეებზე გადადების რისკი არ არსებობს – პაატა იმნაძე

30 ნოემბერი, 2018 • 1639
87-ე სკოლაში მენინგოკოკცემიის მოსწავლეებზე გადადების რისკი არ არსებობს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებზე მენინგოკოკცემიის გადადების არანაირი რისკი არ არსებობს.

იმნაძის თქმით,  ინფექცია დაავადებულთან უშუალო, ხანგრძლივი კონტაქტისას, წვეთოვანი გზით გადადის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, დაავადების გამომწვევი მიკრობი გარემოში რამდენიმე წუთში იღუპება.

დღეს, 30 ნოემბერს, 87-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლასთან აქცია გამართეს. როგორც მათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უთხრეს, სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს მენინგოკოკცემიის დიაგნოზი დაუსვეს, სკოლაში კი ამ შემთხვევის გამო კარანტინი არ გამოცხადებულა. მშობლები ასევე აცხადებენ, რომ სკოლას ინფორმაცია მოსწავლის დიაგნოზის შესახებ 27 ნოემბერს მიაწოდეს, სადეზინფექციო სამუშაოები კი 29 ნოემბრამდე არ ჩატარებულა.

მშობლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სკოლაში ჩატარებული დეზინფექციის გამოც. მათი თქმით, საკლასო ოთახები სველი წესით დამუშავდა, რასაც არასაკმარისად მიიჩნევენ.

თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მენინგოკოკცემიის ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ობიექტის სველი წესით დამუშავება საკმარისია და დამატებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

პაატა იმნაძის განცხადებით, მენინგოკოკურ ინფექციას ტემპერატურის უეცარი მატება და სხეულზე ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევები ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომ არ არის საქართველოში სავალდებულო მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

მასალების გადაბეჭდვის წესი