ახალი ამბები

ოქტომბერში რეგისტრირებული დანაშაული 65%-ით გაიზარდა

30 ნოემბერი, 2018 • 1387
ოქტომბერში რეგისტრირებული დანაშაული 65%-ით გაიზარდა

2018 წლის ოქტომბერში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65.71%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბერში რეგისტრირებულია 5992 დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 193 რეგისტრირებული დანაშაულებრივი ქმედება ხდებოდა.

რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს. 2017 წლის ოქტომბერში გახსნის მაჩვენებელი იყო  31.91%, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში – 17.44%.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ოქტომბერში ჯანმრთელობის წინააღმდეგ 1027 დანაშაული ჩაიდინეს, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 80.81%-იანი მატებაა. აქედან 415 ფაქტი ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

რაც შეეხება დანაშაულს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, სულ რეგისტირებულია 37 ფაქტი, აქედან 8 გაუპატიურებას ეხება. 2017 წელთან შედარებით აქ მატება +60.87%-ს შეადგენს.

2018 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი 311 დანაშაული გამოვლინდა. შედარებისთვის, 2017 წლის ამავე პერიოდში აღნიშნული სახის დანაშაულებიდან რეგისტრირებული მხოლოდ 35-ია, რაც ნიშნავს, რომ პროცენტული მატება დანაშაულების ამ კატეგორიაში 265.88%-ს აღწევს.

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ შემცირდა.  ამ კატეგორიაში 2018 წლის ოქტომბერში 3 შემთხვევა გამოვლინდა. 2017 წელს კი სულ 7 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.

ამა წლის ოქტომბერში საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი 2389 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 1828 ქურდობას ეხება. 2017 წელთან შედარებით აქ მატება 106.48%-ს შეადგენს.

ოქტომბერში სულ 403 ნარკოტიკული დანაშაული დარეგისტრირდა, აღნიშნული დანაშაულის ოდენობა წინა წელთან შედარებით 16.14%-ით გაიზარდა. შსს-ს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულებს შორის შორის ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების 229 ფაქტი გამოვლინდა.

რაც შეეხება სამეწარმეო და საფინანსო საკითხებში დანაშაულებს, აქ სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ 31 დანაშაული; ფულადსაკრედიტო სისტემაში 81 დანაშაული; საფინანსო საქმიანობის სფეროში 9 დანაშაული დარეგისტრირდა. ოქტომბრის თვეში სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ დარეგისტრირებულა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბრის განმავლობაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ 109 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 3.54%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, ამა წლის ოქტომბერში 33 დანაშაულებრივი ქმედება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ამ პერიოდის მონაცემებთან შედარებით 153.85%-ით მეტია.

2018 წლის ოქტომბერში შსს-მ 600 სატრანსპორტო დანაშაული დაარეგისტრირა. აქედან 597 შემთხვევაში გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

კომპიუტერული დანაშაულის პროცენტული მაჩვენებელი 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185.71%-ით გაიზარდა. ოქტომბერში ასეთი 160 შემთხვევა გამოვლინდა.

გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 2018 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით 57.02%-ით შემცირდა. ამ კატეგორიაში შსს-მ სულ 49 დანაშაული დაარეგისტრირა.

 საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ  ოქტომბერში 1 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს უტოლდება. ხოლო ტერორიზმის მუხლით – 3. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აღნიშნული მუხლით 2017 წელს არცერთი დანაშაული არ გამოვლენილა.

2018 წლის ოქტომბერში უწყებამ სამოხელეო 64 დანაშაული გამოავლინა, ხოლო მმართველობის წესის წინააღმდეგ – 246 დანაშაული.

სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ 2018 წლის ოქტომბერში დარეგისტრირებულია 1 დანაშაული. დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ  – 17. წინა წელს ამ უკანასკნელი მუხლით 8 დანაშაული დარეგისტრირდა.

რაც შეეხება დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული~ ქმედებას, შსს-მ ამ მუხლით 1 დანაშაული დაარეგისტრირა, ხოლო სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილი – 97 დანაშაული.

ოქტომბრის თვეში დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ 7 დანაშაული დარეგისტრირდა, ხოლო  სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 2.

სტატისტიკას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი