ახალი ამბები

დამარცხებულმა მხარემ დღემდე არ ცნო ზურაბიშვილის გამარჯვება – ილია II

30 ნოემბერი, 2018 • 2866
დამარცხებულმა მხარემ დღემდე არ ცნო ზურაბიშვილის გამარჯვება – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა და სხხვა საკითხებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ესაუბრა.

“არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა”, – განაცხადა ილია მეორემ.

აშშ-ის ელჩის თქმით, მისი პირადი შეხედულებაა, რომ საქართველომ ეს [სირთულე] უნდა გადალახოს.

“დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც, და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ ქვეყნაზე და ასევე ზრუნავენ თავიანთი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება”, – განაცხადა როს უილსონმა.

მან აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, თავის მხრივ, ისაუბრა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ კუთხით პრეზიდენტ ტრაპმის დამოკიდებულება.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი