ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთოსგან კრიტიკის დასაბუთებას ითხოვს

30 ნოემბერი, 2018 • 5491
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთოსგან კრიტიკის დასაბუთებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობისგან გუშინდელ დასკვნასთან დაკავშირებით კრიტიკის დასაბუთებას ითხოვს.

მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მეტს იფიქრებს, ადგილზე დასკვნის მომზადებას ვის უკვეთავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის მტკიცებით, მაუწყებელმა ყველა ღონე იხმარა, რათა ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, ეთერი საკუთარი პოზიციების წარსადგენად გამოეყენებინა.

“ეუთოს აქაურ წარმომადგენლებს უკვე მივწერეთ, რომ იქნებ მოგვაწოდონ მეტი დეტალი, რაზე დაყრდნობით გააკეთეს ეს დასკვნა. ყველაზე მიუღებელი ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი იყო. შესაბამისად, მათგან ველით დასაბუთებას, რათა მეტი კონკრეტიკა იყოს მათ დასკვნასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მეტს იფიქრებს, ვის ავალებს ადგილზე ვითარების შესწავლას და, შესაბამისად, ამ ადამიანების კომპეტენციას როგორ გაითვალისწინებს და როგორ გადათარგმნის საკუთარ დასკვნებში,” – ამბობს გვიმრაძე.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, მეორე ტურის მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანებამ მედიასაშუალებებში კანონის სხვადასხვაგვარად განმარტების საფუძველი წარმოშვა.

როგორც ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში არის აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის გათალისწინებული, ეროვნული მაუწყებლების უმეტესობამ უფასო საეთერო დრო ორივე კანდიდატს დაუთმო.

“ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის წინასწარ დასკვნაში.

მედიამონიტორინგის შედეგი პირველ არხთან დაკავშრებით

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ეუთოს არა, მაგრამ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის  ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 8 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

ქარტიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც 18 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, პირველი არხის მოამბის მონიტორინგის შინაარსობრივ შედეგებზე წერია:

“პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება მეტწილად შეესაბამება ეთიკურ სტანდარტებს. სიუჟეტების უმრავლესობა დაბალანსებულია, თუმცა შესამჩნევია არხზე სიღრმისეული, ექსკლუზიური მასალების სიმცირე. არხის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი კრიტიკულობით არ გამოირჩევა. „მოამბეში“ შუქდება თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, თუმცა გაშუქებისას შესამჩნევია ხელისუფლებისადმი ნაკლებ კრიტიკული დამოკიდებულება. მონიტორინგის რაოდენობრივ მაჩვენებლებში ხელისუფლების კრიტიკული ტონი ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის კომენტარებით არის განპირობებული. „მოამბეს“ პრაქტიკულად არ აქვს თავისი მოძიებული თემები კონკრეტული მწვავე პრობლემების შესახებ, სადაც მხილებული ან გაკრიტიკებული იქნება ხელისუფლება.

ხელისუფლების ცალკეული სტრუქტურების მიმართ კრიტიკული სიუჟეტები მომზადდა „ახალ კვირაში“, თუმცა არხის საერთო სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე კრიტიკული. შეიძლება ითქვას, რომ არხი ვერ ასრულებს მედიის მთავარ როლს, იყოს მოდარაჯე და მუდმივად გამოავლინოს ხელისუფლების ნაკლოვანებები და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას.

პირველი არხი განსაკუთრებით დადებითად აშუქებდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს: მისი წარდგენა პრემიერად, მისი პირველი სამუშაო დღე, დამშვიდობება ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან, რეგიონებში გასვლა – ყველა ამ აქტივობის გაშუქებისას ბახტაძე დადებითად იყო წარმოჩენილი. 14 ივლისის მოამბეში პირველი და მეორე სიუჟეტი (დაახლოებით 9 წუთი) პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებას მიეძღვნა. ჟურნალისტის ტექსტებით, დეპუტატთა გამოსვლებით, მამუკა ბახტაძე უკიდურესად დადებითად იყო წარმოჩენილი.

პრემიერის სამეგრელოში ვიზიტს 21 ივნისს მოამბემ 4-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტის მიხედვით, პრემიერმა სამეგრელოში ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრა, განათლებით დაწყებული, ფაროსანასთან ბრძოლით დამთავრებული. სიუჟეტში ნაჩვენები იყო მამუკა ბახტაძის შეხვედრა ახალგაზრდებთან და დევნილებთან. „მოამბის“ ჟურნალისტის ტექსტების, საჰაერო კამერით გადაღებული ლამაზი კადრების, სიუჟეტში მოქალაქეების მხრიდან გაჟღერებული რბილი შეკითხვების წყალობით, პრემიერი ცალსახად დადებითად იყო წარმოჩენილი. არ ჩანდა არცერთი კრიტიკული, მწვავე მოსაზრება თუ შეკითხვა, სიუჟეტში მთავრობით უკმაყოფილო არცერთი მოქალაქის პოზიცია არ იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების აქტივობების გაშუქებას, სექტემბრის ბოლომდე ძირითადად მექანიკურად, ფორმალური ბალანსის დაცვით და ზედაპირულად აშუქებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო კამპანიას. მაგალითად, შეიძლება გაშუქებულიყო ყველა კანდიდატის აქტივობა და ყველა მათგანი წამის სიზუსტით ერთნაირი ხანგრძლივობის ყოფილიყო. ძირითადად ეს ხდებოდა 30 წამის ფარგლებში; ხანდახან ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებებიც კი, რომელსაც პასუხს არავინ სცემდა. საარჩევნო კამპანიის მსგავსი ზედაპირული გაშუქებით „მოამბის“ ამომრჩეველი ვერ იღებდა ამომწურავ ინფორმაციას კანდიდატების, მათი ღირებულებების, სამოქმედო გეგმისა თუ მოსაზრებების შესახებ.

26 სექტემბრიდან ეთერში იწვევდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებს და 10-10 წუთს უთმობდნენ მათ. თუმცა, ეს უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით შექმნილი ფორმატის შთაბეჭდილებას ტოვებდა და კანდიდატების შესახებ რეალურ, ამომწურავ ინფორმაციას ნაკლებად იძლეოდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

თოქშუების შესახებ ქარტიის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი