ახალი ამბები

ტექნიკური პრობლემის გამო მერკელის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

30 ნოემბერი, 2018 • 1976
ტექნიკური პრობლემის გამო მერკელის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

“ეს იყო სერიოზული ხარვეზი” – ასე შეაფასა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ინციდენტი, რომელიც მის თვითმფრინავს რამდენიმე საათის წინ შეემთხვა. მერკელი გერმანიის ფინანსთა მინისტრთან და ჟურნალისტებთან ერთად სამთავრობო ხომალდით დიდი ოცეულის სამიტზე, ბუენოს აირესში, არგენტინაში მიფრინავდა.

როგორც გერმანული ტელეარხი “დოიჩე ველე” იტყობინება, მოულოდნელად, გერმანიის სამთავრობო Airbus A340-ს, რომლის სახელია “კონრად ადენაუერი“, პრობლემები აფრენიდან მალევე, ნიდერლანდების სამეფოს საჰაერო სივრცეში შეექმნა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა გერმანიაში, ბონის აეროპორტში. ინციდენტის გამო გერმანიის კანცლერი დიდი ოცეულის სამიტის გახსნას ვერ დაესწრება. ის არგენტინაში მოგვიანებით გაემგზავრება. ბუენოს აირესში დაგეგმილია მისი შეხვედრები ჩინეთის, ამერიკისა და რუსეთის ლიდერებთან.

გერმანული მედიის ცნობით, პრობლემა შეექმნა თვითმფრინავის საკომუნიკაციო სისტემას, თუმცა უსაფრთხოებას მყისიერი საფრთხე არ შექმნია. გარდა ამისა, ფაქტობრივად, გამოირიცხა რაიმე სახის კრიმინალური ქმედება.  მიმდინარე წლის ივლისში გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი იმავე თვითმფრინავით მიფრინავდა ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში, რა დროსაც თვითმფრინავის ჰიდრავლიკის სისტემას პრობლემა შეექმნა. გასულ კვირას გერმანიის პრეზიდენტი სხვა სამთავრობო თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო აფრიკაში, თუმცა შექმნილი პრობლემის გამო მისი ვიზიტი გადაიდო.

ანგელა მერკელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს სამთავრობო თვითმფრინავების პრობლემასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მან თქვა, რომ ინდივიდუალური ინციდენტები სისტემის შეცვლის მიზეზი ვერ გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი