ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში დაკავებული მირტაგი ასადოვი არჩევნების მეორე დღეს გაათავისუფლეს

30 ნოემბერი, 2018 • 1770
ბაქოში დაკავებული მირტაგი ასადოვი არჩევნების მეორე დღეს გაათავისუფლეს

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ 8 ნოემბერს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დაკავებული „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი გაათავისუფლა.

ასადოვს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ოჯახისთვის მოულოდნელად საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე გაათავისუფლეს.  უფლებამდაცველები აზერბაიჯანში კავკაზკი უზელისთვის მიცემულ ინტერვიუში მირტაგი ასადოვის ვადაზე ადრე გათავისუფლებას საერთაშორისო რეზონანსს უკავშირებენ.

თავად ასადოვი დაკავების შემდეგ სასამართლოში აცხადებდა, რომ “ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა”.  სამოქალაქო საზოგადოება მაშინვე არ გამორიცხავდა პოლიტიკური მიზნებით დაკავებას.

ბაქოს ოფიციალურ უწყებებს ასადოვის გათავსუფლების გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ასადოვის დაკავების შემდეგ რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიხ მირტაგი ასადოვის დაკავების საქმეზე განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, მიეღოთ დროული და ეფექტური ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღსადგენად:

“შეიხი მირტაგი ასადოვი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. შეიხი მირტაგი ასადოვი ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს და ამგვარად, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი