ახალი ამბები

სირიაში საქართველოს მოქალაქე ადამ გუმაშვილი დაიღუპა

30 ნოემბერი, 2018 • 2268
სირიაში საქართველოს მოქალაქე ადამ გუმაშვილი დაიღუპა

სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე ადამ გუმაშვილი, საბრძოლო სახელით ფეიზულა შიშანი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ის რიგებში იბრძოდა.

ინფორმაცია თავდაპირველად პანკისის სათემო რადიო “ვეიმ” გაავრცელა გუმაშვილის ოჯახზე დაყრდნობით, რომელთაც სირიიდან აცნობა გუმაშვილის ცოლმა. გუმაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან იყო.

გუმაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაუდასტურა. მათ არ დაუზუსტებიათ სიკვდილის გარემოებები.

გუმაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა. გამოცემა “დეილი ბისტს” გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთ ლიდერად ჰყავდა მოხსენიებული, ISIS-ის “იუსტიციის მინისტრად”, რომელიც დაჯგუფების რუსულენოვან მებრძოლებს მეთაურობდა.

2013 წელს გუმაშვილმა “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველად მისი 18 წლის შვილი, სულთან გუმაშვილიც წაიყვანა, რომელიც 2016 წლის აგვისტოში მოკლეს. ის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა სკოლა არ დაუმთავრებია.

2017 წლის დეკემბერში ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს სპეცოპერაციისას გუმაშვილი მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

რადიო “ვეის” თანახმად, ადამ გუმაშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თარხან ბათირიაშვილთან, იგივე “აბუ ომარ ალ-შიშანისთან”, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთი საბრძოლო მეთაურად (“ომის მინისტრად”) ითვლებოდა. ბათირაშვილი 2016 წლის ივლისში დაიღუპა, რის შესახებაც  “ისლამურმა სახელმწიფომაც გაავრცელა“ ცნობა, შემდეგ კი პენტაგონმაც დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი