ახალი ამბები

კატო მიქელაძის პრემიით ნატა ტალიკიშვილი და იდა ბახტურიძე დააჯილდოვეს

30 ნოემბერი, 2018 • 3617
კატო მიქელაძის პრემიით ნატა ტალიკიშვილი და იდა ბახტურიძე დააჯილდოვეს

ქალთა უფლებებისთვისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის წელს კატო მიქელაძის პრემია ნატა ტალიკიშვილმა  და იდა ბახტურიძემ მიიღეს.

პრემიას 2013 წლიდან ყოველწლიურად გასცემს ქალთა ფონდი საქართველოში და დაჯილდოვების ცერემონიაც 29 ნოემბერს, ქალის უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს იმართება.

ფონდი, როგორც წესი,  აქტივისტის და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიას წელიწადში  ერთ ქალ უფლებადამცველს გადასცემს ხოლმე, თუმცა წელს ორი ქალი დააჯილდოვეს.

ნატა ტალიკაშვილი, ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

ნატა ტალიკაშვილი  ტრანსგენდერი ქალია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“ საველე ოფიცრად მუშაობს. ქალთა ფონდის ცნობით, ის მუდმივად ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, განსაკუთრებით კი სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ახდენს ჯგუფის საჭიროებების პირველად შეფასებას და საჭიროებისამებრ ამისამართებს ორგანიზაციის სხვადასხვა სერვისთან.  ნატას მიმართ თემის ნდობა ხშირად მთავარი ფაქტორია, რის გამოც ბენეფიციარები თანხმდებიან მიიღონ ისეთი მომსახურება, რომელზეც სხვა პირობებში შესაძლოა უარი ეთქვათ. გარდა მუშაობის დროს გაწეული დახმარებისა, იგი წლების მანძილზე, სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარ სახლში იფარებს რეგიონებიდან ჩამოსულ უსახლკარო ტრანსგენდერ ქალებს, ზრუნავს მათ დასაქმებასა და ჯანმრთელობაზე.

იდა ბახტურიძე

იდა ბახტურიძე  ბოლო 7-8 წლის მანძილზე ქართული ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრია.  2012 წლიდან იდამ აქტივისტური საქმიანობა ჯერ “ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან”, ხოლო მოგვიანებით “ქალთა მოძრაობის” ჯგუფთან ერთად გააგრძელა,  2016 წლიდან მისი თანამონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა “ქალები საქართველოდან”, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების ქალების პირად ისტორიებს აცნობს საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი