ახალი ამბები

ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის – ზურაბიშვილი

29 ნოემბერი, 2018 • 3777
ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის – ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობის დროს არ არის. BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პროევროპული პოზიცია და თუ მისი დასავლელი პარტნიორები, ევროპა და ამერიკა რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო განზე არ დადგება.

“როგორც დღეს რუსეთი იქცევა, ვგულისხმობ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და ხალხის გატაცებას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში მის ქმედებებს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა არ არის,”-ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია კრემლის პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ურჩევნია დაელოდოს, რა განცხადებები გაკეთდება ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ. გვსურს დაველოდოთ პირველ განცხადებებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შესახებ”,- ამბობს პესკოვი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ხმათა 59.52 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი