ახალი ამბები

მეორე ტური ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა – “მრავალეროვანი საქართველო”

29 ნოემბერი, 2018 • 1223
მეორე ტური ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა – “მრავალეროვანი საქართველო”

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ  „მრავალეროვანმა საქართველომ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სულ 42 ინცინდენტი დააფიქსირა. ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, გარდაბნის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა  და ისნის საარჩევნო ოლქებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეორე ტურისათვის თვალშისაცემი იყო ორივე საარჩევნო სუბიექტთან ასოციერებული არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობა, რაც აფერხებდა საუბნო საარჩევნო კომისიების ეფექტურ ფუნქციონირებას, ასევე დაბრკოლებას უქმნიდა „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის რეალიზებას. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშო ორგანიზაციამ სულ ხუთი საჩივარი დაწერა.

რაც შეეხება დარღვევებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 12 ინციდენტი, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის (6 ინცინდენტი),  ხმის მიცემის მცდელობა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე (5  ინცინდენტი), განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობის (3 ინციდენტი), კენჭისყრის პროცედურის დარღვევის (4ინციდენტი), ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერებისა (1 ინციდენტი) და სხვა ინციდენტები.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა 

  • მარნეულის #40 და #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • ნინოწმინდის #3 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • ახალქალაქის #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა რეგისტრაციის მაგიდასთან გააკეთა არჩევანი.
  • გარდაბნის #61 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა ხმის მისაცემ კაბინაში არჩევანის გაკეთების დროს,, მოახდინა ბიულეტენის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტოს გადაღება.
  • მარნეულის #42 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
  • ახალქალაქის #31 საარჩევნო უბნზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ინციდენტი. კერძოდ, საარჩევნო კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.ორივე ინციდენტი აღმოიფხვრა „მრავალეროვანი საქართველოს“ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე.
  • ახალქალაქის#40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრა საარჩევნო კაბინის ნაცვლად განახორციელა საარჩევნო ურნასთან.
  • ნინოწმინდის #1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ორი ფაქტი. ერთ შემთხვევაში, ამომერჩეველმა ტელეფონის გამოყენებით ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ამომრჩეველს მიმართა აღნიშნული ფოტოს წაშლის მოთხოვნით, თუმცა მან არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. ამავე უბანზე მომხდარი მეორე ინციდენტის დროს კი კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, ამომრჩეველს გამოართვა ბიულეტენი იმ მოტივით, რომ გადაემოწმებინა, ბიულეტენი ნამდვილად ეკუთნოდა თუ არა აღნიშნულ საარჩევნო უბანს. შესაბამისად, ბიულეტენის გადამოწმების დროს დაარღვა კენჭისყრის ფარულობა (ვინაიდან მოხდა ბიულეტენის გაშლა).

განმეორებით ხმის მიცემა/მცდელობა 

  • მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ნაკადის მარეგულირებლის მიერ მარკირების მქონე პირების საარჩევნო უბანზე შემოშვების ფაქტი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა (საჩივარი საუბნო  საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აღნიშნული დარღვევა გასაჩივრდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე მოხდა ნაკადის მარეგულირებლის შეცვლა).

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სამონიტორინგო პროგრამა. არჩევნების მეორე ტურზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა გარდაბნის #21,  მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის  #5 საარჩევნო ოლქებს.
სამონიტორინგო პროგრამაში ჩართული იყო 234 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ  შორის საუბნო, მობილური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური  საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი