ახალი ამბები

თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას აანონსებს

29 ნოემბერი, 2018 • 2677
თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას აანონსებს

თამაზ ახობაძე ორშაბათიდან იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან წერილი მიიღო, საიდანაც ანა სუბელიანთან ერთად 2014 წელს გაათავისუფლეს.

როგორც თამახ ახობაძე განმარტავს, წერილში, რომელიც მის დისკრიმინირებას ემსახურება, “აგდებულად წერია”, რომ ცენტრის გადაწყვეტილებით ახობაძე უნდა აღდგეს არა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, არამედ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ სხვა პოზიციაზე. თუმცა, ახობაძის ცნობით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი დასძენს, რომ ამ ახალი თანამდებობის საკვალიფიკაცო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

“რამდენიმე თვის წინ მთავრობას გავუგზავნე წერილი, ვითხოვ მათთან შეხვედრას და დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მოვიდა სრულიად შეურაცხმყოფელი წერილი ჩემთვის. წერილში ისეა გამოყვანილი, რომ თითქოს მე არ ვიმსახურებ კომპენსაციას, მაგრამ “ჰა, მაინც გაძლევთო”… დამცინავი წერილია, სადაც ისიც წერია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და მე წარმოვაჩენ საქმეს ასეთად.

მე უკვე შეჩვეული ვიყავი, რომ ქართული სახელმწიფოსგან ვერ მივიღებდი სამართალს და ეს საქმე სტრასბურგში მიმაქვს, თუმცა დღეს მიღებული წერილი და მისი დამცინავი ტონი არის ბოლო ზღვარი. როგორც ჩანს, მთავრობას არ ესმის ადამიანის, თუ ის ასეთ უკიდურეს ფორმას არ მიმართავს…,” – ამბობს ახობაძე ნეტგაზეთთან.

ახობაძე დასძენს, რომ უზენაესი სასამართლო ორჯერ მოიგო, თუმცა ცენტრს ისეთი ტონი აქვს, რომ თითქოს კომპენსაციის გადახდა მათი კეთილი ნება იყოს.

ბოლო დავა ახობაძისა და იუსტიციის სამინისტროს შორის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია, ახობაძე თანამდებობაზე აღადგინოს და განაცდური სრულიად აუნაზღაუროს. ამით უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 2017 წლის 9 მარტის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ახობაძისა და სუბელიანის საქმე მოკლედ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს,  დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი  თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და მომჩივნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი