ახალი ამბები

ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის, მაგრამ არა სტაბილურობის ხარჯზე – სამადაშვილი შეცდომებზე

29 ნოემბერი, 2018 • 1438
ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის, მაგრამ არა სტაბილურობის ხარჯზე – სამადაშვილი შეცდომებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის, თუმცა არა სტაბილური განვითარების ხარჯზე.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია. სამადაშვილი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ოპოზიციის კანდიდატს და “ვინც ბოლომდე იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან პოლიტიკური ბრძოლა დავითის და გოლიათის შერკინებაა”.

“დღეს ქართული დემოკრატია სწორედ თქვენს მხრებზე დგას. ჩვენი სამშობლო ძალიან დიდ ვალშია ყოველ თქვენგანთან. თანამედროვე დემოკრატიის შექმნა მძიმე ომია. ამ ომში წაგებულმა ბრძოლამ არასდროს უნდა წაგვართვას გამარჯვების რწმენა. მორალური უპირატესობა კი არაა მცირე გამარჯვება. ხშირად, მოგებაზე უფრო მეტს ნიშნავს. ოპოზიციის მხარდაჭერა იზრდება, ივანიშვილის – მცირდება, რაც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. რაც შეეხება შეცდომებს, შემიძლია მხოლოდ ჩემი აზრი გითხრათ – ქართველი ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, მაგრამ არა სტაბილური განვითარების ხარჯზე. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ შეცდება ის, ვინც ამ დასკვნას ვერ გამოიტანს დღევანდელი დღიდან”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული ოპოზიცია თავისი სამომავლო გეგმების შესახებ დღეს, 18:00 საათზე, ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე განაცხადებს. მანამდე კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მხარდამჭერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი