ახალი ამბები

ზურაბიშვილი – 59.1%, ვაშაძე – 40.9% – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

29 ნოემბერი, 2018 • 1296
ზურაბიშვილი – 59.1%, ვაშაძე – 40.9% – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები გამოაქვეყნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (IDFED), რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 56.2% შეადგინა (+/-0.7% ცდომილების ხარისხით). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს (46.6%).

რაც შეეხება კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 59,1%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 40,9%-მა. მეორე ტურის შედეგებში ცდომილების ზღვარი, ISFED-ის ინფორმაციით, +/-0.8%-ს შეადგენს.

“სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს. უბნების დახურვის შემდეგ მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები”, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.

სადამკვირვებლო ორგანზიაციამ საუბნო კომისიებში 53 საჩივარი წარადგინა, ხოლო საოლქო კომისიებში – 76 საჩივარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი