ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სად მიიყვანს სომხეთს რუსეთი?

10 ივნისი, 2014 • • 1765
სად მიიყვანს სომხეთს რუსეთი?

სომხეთის მოულოდნელმა შემობრუნებამ საბაჟო და ევრაზიული კავშირისკენ გასული წლის 3 სექტემბერს, მაშინ, როცა ქვეყანა თითქმის 3.5 წლის განმავლობაში ემზადებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, ასევე, ევრაზიული კავშირის გზაზე აღმოცენებულმა მოულოდნელმა დაბრკოლებებმა, სომხეთის საზოგადოებაში კატალიზატორის როლი შეასრულა, რამაც ახლებური მიდგომები წარმოშვა რუსეთის პოლიტიკის მიმართ როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე – კონკრეტულად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

  

საკმარისია გავიხსენოთ ყაზახეთის პრეზიდენტის ნაზარბაევის განცხადება, როდესაც მან მთიანი ყარაბაღის პრობლემა ახსენა, რომელსაც არ შეუძლია ევრაზიულ კავშირში სომხეთთან ერთად გაწევრიანება და რომ სომხეთი ამ კავშირში გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უნდა შევიდეს. ბოლო პერიოდში კი მოსკოვმა სომხეთის არამეგობარ აზერბაიჯანს ასზე მეტი თანამედროვე ტანკი და სხვა თავდასხმითი სამხედრო ტექნიკა მიყიდა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ბაქოში ვიზიტამდე რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა სამხრეთ კავკასიაში.

ნაზარბაევის განცხადებას სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა ასტანის შეხვედრაზე დუმილით უპასუხა, რადგან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ყაზახეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართავდა. მისი შეთავაზება იყო, რომ 15 ივნისამდე მოგვარებულიყო კავშირში შესვლის საკითხი, თუმცა რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ვადა ამ თვის ბოლომდე განსაზღვრეს, მაგრამ რა უნდა შეიცვალოს თვის ბოლომდე მთიანი ყარაბაღის საკითხში, გაურკვეველი რჩება.
აშოტ გაზაზიანი
აშოტ გაზაზიანი

 

სომხეთში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ დროა მოსკოვი ჩამოყალიბდეს და განსაზღვროს, ვინ არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში – სომხეთი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების აქტიური წევრია და რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, თუ აზერბაიჯანი, სადაც არც ერთი რუსი სამხედრო აღარაა დარჩენილი და საერთოდაც არ მიილტვის, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით, ევრაზიული კავშირისკენ.

ერევანში შიშობენ, რომ რუსეთს თავისი იმპერიული ამბიციებისთვის შეუძლია ბაქოსთვის ისეთი “რაღაცის” შეთავაზება, რაც სომხეთის ინტერესებს დაუპირისპირდება.

“დღესდღეობით სომხეთსა და რუსეთს შორის სამეკავშირეო ურთიერთობების შესახებ სერიოზულად მხოლოდ მატყუარა ან რეალობიდან ძალიან შორს მდგომმა ადამიანებმა შეიძლება ისაუბრონ”, – განუცხადა ახლახან ჟურნალისტებს რუბენ მეჰრაბიანმა, “სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” ექსპერტმა. მისი აზრით, ახლა სომხეთის და რუსეთის ინტერესები არა მხოლოდ არ ემთხვევა, არამედ ღიად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

რუბენ მეჰრაბიანი
რუბენ მეჰრაბიანი

“არ არსებობს არც ერთი საკითხი, სადაც ჩვენი ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს – ის, რაც სომხეთისთვის ხელსაყრელია, პრაქტიკულად მომაკვდინებელია რუსეთისთვის,” – მიიჩნევს მეჰრაბიანი. მისი თქმით, მაგალითად, თუკი სომხეთისთვის მომგებიანია ირანთან ურთიერთობის გაღრმავება და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რუსეთისთვის ეს მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. თუკი სომხეთისთვის ხელსაყრელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება, რუსეთისთვის პირიქით – დესტაბილიზაციის გაძლიერება.

 

“სომხეთი იღწვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რუსეთი კი აზერბაიჯანის შეიარაღებას ახდენს. ცდილობენ ჩვენ დაგვაჯერონ, რომ ეს მხოლოდ ბიზნესია, მაგრამ ამ ლოგიკით ტრეფიკინგი და ნარკოტიკებით ვაჭრობაც ბიზნესია ვიღაცისთვის,” – აღნიშნავს მეგრაბიანი. მთლიანობაში, მისი შეფასებით, პუტინის რუსეთი სომხეთისთვის ნომერ პირველ საფრთხედ იქცა. ევრაზიულ კავშირში შესვლით სომხეთი ერთგვარ “შავრუსეთად” ან “სამხრეთრუსეთად” იქცევა და როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი აღარ იარსებებს – დარწმუნებულია ექსპერტი.

მისი თქმით, სომხეთი კიდეც რომ გაწევრიანდეს ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში, ის იქ “მეორე ლიგის” ქვეყნის რანგში შევა. რუსეთი, რომელსაც ამის გარეშეც ხელში უკავია სომხეთის ეკონომიკის ნახევარზე მეტი, თავის გავლენას გაზრდის.

 

“დღეს რუსი მესაზღვრეები ყველგან არიან. თურქეთის საზღვართან ეს კიდევ გასაგებია, ისინი თითქოს ჩვენ გვიცავენ. მაგრამ ირანის საზღვართან ან ერევანში – ზვარტნოცის აეროპორტში ვისგან გვიცავენ ჩვენ რუსი მესაზღვრეები?” – აცხადებს მეჰრაბიანი და იქვე ამატებს, რომ მოვლენების მიმდინარე განვითარების შედეგად რუსი მესაზღვრეები ასევე გაჩნდებიან სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, სომხეთის და საქართველოს საზღვარზე, რასაც მთელი რიგი ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით სომხეთში პრაქტიკულად არანაირი სერიოზული წინააღმდეგობა არ ექნება რუსეთის ამგვარი გეგმის განხორციელებას, რადგან მთელი პოლიტიკური ველი, არასახელისუფლებო ძალების ჩათვლით, შორსაა ნაციონალური ინტერესების დაცვისაგან. ამის გამო მეჰრაბიანი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის საზოგადოებამ უნდა აიღოს სიტუაციაზე კონტროლი – გამოიჩინოს მაქსიმალური აქტივობა და წინ აღუდგეს სომხეთში ევრაზიული პროექტის განხორციელებას.

ვაგრამ მარტიროსიანი
ვაგრამ მარტიროსიანი

 

კინოსცენარისტი, მწერალი და პუბლიცისტი ვაგრამ მარტიროსიანი მიიჩნევს, რომ ახლა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის არსებითი ბრძოლა მიდის და ამ ბრძოლაში სომხეთს მოკავშირე ჭირდება. ეს მოკავშირე კი, მისი აზრით, ევროკავშირია: “უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი თავისი ღირებულებების სისტემით, განვითარების გზით, არამედ ჩვენც ვჭირდებით მას”.

ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას წინ აღუდგეს იმ მთავარ გამოწვევებს, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო, ეკონომიკურ და დემოკრატიულ თავისუფლებებს.

“პოლიტიკურმა ძალებმა გვერდზე უნდა გადადონ თავიანთი ამბიციები იმიტომ, რომ ეს გამოწვევები ერთობას მოითხოვს, რადგან ცალ-ცალკე, დანაწევრებულად მუშაობა უაზრო იქნება,” – ამბობს საკუნცი და ამატებს: “ერთად – არა დემოკრატიული ცენტრალიზების პრინციპით, არამედ ერთად – ერთი მიმართულებით მუშაობის და თანამშრომლობის პრინციპით”.

არტურ საკუნცი
არტურ საკუნცი

 

სომხეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზულად შიშობენ იმის გამო, რომ ევრაზიულ პროექტში მონაწილეობა სომხეთში საფრთხეს შეუქნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო უფლებებს.

რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ სომხეთში რუსული პოზიციები სუსტდება, აშკარად გადაჭარბება იქნებოდა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ სომხეთი რუსეთის გზით უნდა წავიდეს, რადგან სწორედ რუსეთს შეუძლია ჩვენს არეულ რეგიონში სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სწორედ რუსეთიდან მოდის სომხეთში შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების ლომის წილი, რაც წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ხალხის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთი დიდ სიკეთეს იჩენს სომხეთის მიმართ, როდესაც მასზე რუსეთის შიდა ბაზრის ფასად ყიდის იარაღს და აწვდის იაფ გაზს. მაგრამ ასევე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სომხეთი ამ ხარჯების კომპენსაციას ახდენს, როდესაც რუსეთს სამხედრო ბაზის კომუნალურ გადასახადებს უხდის და უფასოდ უთმობს მათ ტერიტორიას. ისინი იხსენებენ, რომ დღეს სომხეთის ეკონომიკას თითქმის სრულად მართავენ რუსები – რკინიგზა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები და არც ერთი მსხვილი პროექტი სომხეთში არ შეიძლება განხორციელდეს რუსეთის მონაწილეობის გარეშე. თუკი, მაგალითად, რუსეთისთვის მიუღებელი იქნება ირანის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა, ის არ აშენდება და სწორედ ის გააკონტროლებს, რამდენ ელექტროენერგიას გაყიდის სომხეთი თურქეთზე ან საქართველოზე…

სარგსიანი და პუტინი, ფოტო: lenta.ru
სარგსიანი და პუტინი, ფოტო: lenta.ru

 

ამ საკითხებზე დისკუსია ქვეყანაში გრძელდება. დღესაც კი არავის შეუძლია დანამდვილებით იმის პროგნოზირება, კიდევ რას მოიფიქრებენ რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის პრეზიდენტები სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯერჯერობით გამოკვეთილია მთიანი ყარაბაღის პრობლემის ნაწილი: სომხეთი არავითარ შემთხვევაში არ დააწესებს საბაჟო განაკვეთებს ყარაბაღის საზღვარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი რუსულ ინტეგრაციულ პროექტში გაწევრიანების ფასი იქნება ყარაბაღი, სომხებმა შესაძლოა უარი თქვან ევრაზიულ კავშირზე. ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხში ყველა ერთსულოვანია – როგორც პოლიტიკოსები, ისე ექსპერტული საზოგადოება და რიგითი ობივატელები.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი