ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბანთან ხმების გამო – რა მოხდა მარნეულში

მარნეულში, სოფელ იმირის 59- საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

დაპირისპირება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რა ხმების დათვლა დასრულდა და ოქმი შედგა. როგორც “ნეტგაზეთს” დამკვირვებლები უყვებიან, ამის მიზეზი უბნის შედეგების გაყალბება გახდა.

ჯეიჰუნ კარაევი, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს პიჯაკი შემოახიეს, საარჩევნო უბანზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის [ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი საქართველო] დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ ამ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 394 ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 400, თუმცა საბოლოოდ ოქმში სალომე ზურაბიშვილს 9 ხმით მეტი ჩაუწერეს. ხმაური სწორედ ამას მოჰყვა. კარაევი ამბობს, რომ საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ოქმი პოლიციის თანხლებით გაიტანა უბნიდან.

ვაშაძის მხარდამჭერებმა სოფელ იმირის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რათა ამ გზით დაეცვათ ხმები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა იმირში საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უბანზე მიღებულ ხმების რაოდენობაზე “ნეტგაზეთს” იდენტურ ინფორმაციას აწვდის სადამკვირვებლო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო”, რომლის დამკვირვებელი ამ უბანთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა და უბნიდან მობილურმა ჯგუფმა წაიყვანა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი ამბობს, რომ როგორც მათი დამკვირვებლისგან იცის, საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 394 ხმა მიიღო, ვაშაძემ- 400, 13 კი გაბათილდა. თუმცა “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელმა არ იცის, რა ციფრები აღირიცხა უბნის ოქმში, რადგან საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე გავიდა დასაკვირვებლად, რა დროსაც თავადაც დაშავდა.

აქციაზე ვაშაძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ყუთი გატაცებულია. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამ უბნის ოქმი უკვე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაშია.

მიშა, მიშა – სკანდირებდნენ მარნეულის სოფელ იმირში აქციის მონაწილეები და ასე ცდილობდნენ ხმების დაცვას. საბოლოოდ, 29 ნოემბრის 01.00 საათისთვის, ისინი დაიშალნენ.

ცესკო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. შედეგების ვებგვერდზე კი უკვე გამოქვეყნებულია ოქმი, რომლის მიხედვითაც ამ უბანზე ზურაბიშვილმა 403 ხმა მიიღო, ვაშაძემ კი- 400. თუმცა ოქმს უბნის კომისიის თავმჯდომარე ხელს არ აწერს.

ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, იმის მიუხედავად, რომ ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული ინციდენტის ადგილას. შესაბამისად, უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება იმირში მომხდარ დაპირისპირებაზე.

აზერ სულეიმანოვის მოწოდების შემდეგ სოფელ იმირში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია დაასრულეს. ენმ-ის ლიდერის თქმით, ხვალიდან ოპოზიცია სასამართლოს გზით გააგრძელებს ბრძოლას.


გიორგი დიასამიძე, ნინო კახიშვილი მარნეულიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი