ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად – ვაშაძე სააკაშვილის მოწოდებაზე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მოითათბირებს. ამის შესახებ მან “ძალა ერთობაშიას” შტაბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც “ცესკოს” მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაიმართა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაუმორჩილებლობასა და აქციებზე, ვაშაძემ ასე უპასუხა:

“მე ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა, არ გაცხადებულა ამ ტრიბუნასა და ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”.

კიდევ ერთ კითხვაზე, იზიარებს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შინაარსს, ვაშაძემ უპასუხა:

…ვიმეორებ, ეს რჩება ერთი ადამიანის პირად აზრად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბისა და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”.

გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 18:00 საათზე ფილრამონიაში საკუთარ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს, ასევე აქტივისტებს შეხვდება. ვაშაძის თქმით, სწორედ ამ შეხვედრაზე ისაუბრებს “ძალა ერთობაშია” საკუთარ გეგმებზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ნოემბერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობას ამსტერდამიდან “რუსთავი 2”-ის ეთერით მიმართა და მხარდამჭერების საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის მიზანი უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა.  მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბრუნდეს საქართველოში.

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან