ახალი ამბები

კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებას – ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე

28 ნოემბერი, 2018 • 1476
კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებას – ვაშაძე ოპოზიციის გეგმებზე

რა გეგმები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციები დააანონსა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება ოპოზიციას არ მიუღია და გეგმებს საზოგადოებას 29 ნოემბრის დილით გააცნობენ:

“რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა არის გრიგოლ ვაშაძეზე იმიტომ, რომ ის არის ამ გაერთიანების ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა 900 ათასზე მეტმა ადამიანმა, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, გაერთიანებული ოპოზიცია შედგება პოლიტიკური სუბიექტებისგან. ყველას აქვს თანაბარი ხმა. შესაბამისად, მე წინასწარ ვერ გეტყვით. დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები, ხვალ დილით გაგაცნობთ სამოქმედიო გეგმას”.

როგორც ვაშაძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა,  კონსულტაციები ექნებათ იმ პოლიტიკურ პარტიებთანაც, რომლებიც “გაერთიანებულ ოპოზიციაში” არ შედიან, თუმცა მეორე ტურში მხარს გრიგოლ  ვაშაძეს უჭერდნენ:

“შევიკრიბებით ყველა ერთად, ყველა დააფიქსირებს თავის პოზიციას და, დარწმუნებული ვარ, კონსენსუსით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს და ვინც მხარს არ უჭერდა, თუ მათ აქვთ ეს სურვილი. თქვენი ეთერითაც მივმართავ, კარი ღიაა კონსულტაცებისთვის, დიალოგისთვის”.

ვაშაძემ, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ისაუბრა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე:

“მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმაციისგან შორს არის. ჩვენ ახლა გვექნება გაერთიანების საბჭოს სხდომა, ყველა დავჯდებით, სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდებით.  რომ გავიხედოთ 3 თვის წინანდელ პერიოდში, ალბათ, ვერავინ ვერ იტყოდა, რომ უფულოდ, მხოლოდ გულით, გაერთიანებული ოპოზიცია შეძლებდა 900 ათასი ხმის მიღებას. ამას ხომ ვერავინ წარმოიდგენდა. არჩევნები პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული სურათი. იქაც იყო დაშინება, იქაც იყო მოსყიდვა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდებოდა, ხალხო, ეს წარმოუდგენელია”.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ნოემბერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობას ამსტერდამიდან “რუსთავი 2”-ის ეთერით მიმართა და მხარდამჭერების საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, საყოველთაო დაუმორჩილებლობის მიზანი უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა.  მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბრუნდეს საქართველოში. 

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


28 ნოემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 42.63% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 57.37%.

აღნიშნული მონაცემები დათვლილია უბნების 31,88%-ის მიხედვით. 3 705 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1179 უბანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი