ახალი ამბები

სამგორში ენმ-ის წევრი პატრულის დახმარებით გააძევეს უბნიდან – ISFED

28 ნოემბერი, 2018 • 1436
სამგორში ენმ-ის წევრი პატრულის დახმარებით გააძევეს უბნიდან – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, სამგორის #24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი პატრულის დახმარებით გააძევეს.

17:00 საათისთვის ორგანიზაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა. ISFED-ის ინფორმაციით, ვაკის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მის მიერ შემოხაზული კანდიდატის დანახვა. ამ უბანზე მსგავსი დარღვევა ორგანიზაციამ არჩევნების დღის განმავლობაშიც დააფიქსირა.

ISFED -ის ცნობით, ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის, ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობის კუთხით გამოვლინდა.

  • გორის #3, #15, #17, #48, #50, #62, #64, #91, #92 და #96
    საარჩევნო უბნების მიმდებარედ იყო ხალხმრავლობა, მათ შორის უმეტესად –
    „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
  • კრწანისის  #2, #3, #4, #12 და #16 საარჩევნო უბნებზე
    მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლებიც
    დამკვირვებლის გამოჩენისას მალავენ სიებს. დამკვირვებელი ასევე შეესწრო
    საუბარს, თუ როგორ ამბობდა პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ კიდევ
    მოიყვანდნენ ამომრჩევლებს.
  • ქედის #11, #17, #24 და #29 საარჩევნო უბნებთან
    მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
  • საბურთალოს #38, #73 და #90 საარჩევნო უბნებთან
    მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით მანქანები და სავარაუდოდ
    კოორდინატორები.
  • რუსთავის #45, #46 და #47 საარჩევნო უბნებზე გარეთ
    იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მანქანებით, რომლებიც
    აღრიცხავნენ, ვინ მოვიდა და ვინ მისცა ხმა მათ მხარდაჭერილ კანდიდატს.
  • ქუთაისის #91 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ
    ამომრჩევლები სოფელ ბაშიდან სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს.
  • მცხეთის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ე.წ.
    კოორდინატორმა განაცხადა, რომ ამოწმებს, ის ადამიანები მოდიან თუ არა
    არჩევნებზე, ვისთანაც აგიტაცია განახორციელეს.
  • ქუთაისის #93 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უბანზე
    ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების ვინაობას.
  • აბაშის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აღრიცხავდა
    არჩევნებზე არ მისულ ამომრჩევლებს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ
    შეწყვიტა.

დამკვირვებელს უფლება შეუზღუდეს მარნეულის #35 საარჩევნო უბანზე. ISFED-ის ინფორმაციით, მას ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა, რისი საშუალებაც მას თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს.

ამ დროისთვის ორგანიზაციას საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 37 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი