ახალი ამბები

ჟვანიას ფოტოსურათიანი სიების გამოყენებაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ აქვს – ჯანდიერი

28 ნოემბერი, 2018 • 1198
ჟვანიას ფოტოსურათიანი სიების გამოყენებაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ აქვს – ჯანდიერი

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელები, დავით ჯანდიერი და თინა ბოკუჩავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდნენ.

როგოროც შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ცესკო-ს თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდეს იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიმართ. დავით ჯანდიერის თქმით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა, ვინაიდან თამარ ჟვანიამ მათი პოზიცია გაიზიარა.

“სამ ძირითად საკითხზე იყო საუბარი. პირველი პრობლემა უკავშირდება ხმის მიცემის ფარულობას, როდესაც ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი სხვა პირებისთვის ხდება ცნობილი ისე, რომ არ ხდება ბიულეტენის ანონიმურად კონვერტში მოთავსება და საარჩევნო ყუთში ჩაგდება. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეეხება ფოტოსურათიანი სიების გამოყენებას კოორდინატორების მხრიდან. განსხვავებით ცესკო-ს დღევანდელი განცხადებებისგან, თავმჯდომარის მხრიდან ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ფოტოსურათიანი სიების გამოყენება არის კანონიერი. ჩვენი კატეგორიული პოზიცია არის, რომ საარჩევნო კოდექსი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. თამარ ჟვანიამ თქვა ისიც, რომ, ალბათ, ამ საკითხში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართულობაც შეიძლება მიზანშეწონილად იყოს მიჩნეული”, – განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების და სხვა დამკვირვებლების უბნებიდან გაძევებას.

“ამ საკითხების ნაწილი პოზიტიურად იქნა მიღებული, განსაკუთრებით ბოლო ნაწილთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ 20:00 საათამდე და შემდგომაც არ გვექნება უფრო რთული ვითარება, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში გვქონდა”, – დასძინა დავით ჯანდიერმა.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების ნაწილში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კოორდინატორებს ფოტოსურათებიანი სიები აქვთ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის აღსარიცხად. “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლების განცხადებით, ეს ცესკო-ს სამაგიდო სიებია და მათ უკვირთ, როგორ აღმოჩნდა ისინი კოორდინატორების ხელში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თქვა, რომ თუ კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი