ახალი ამბები

ახალქალაქში, საარჩევნო კაბინაში უკვე შემოხაზული ბიულეტენი იპოვეს

28 ნოემბერი, 2018 • 1322
ახალქალაქში, საარჩევნო კაბინაში უკვე შემოხაზული ბიულეტენი იპოვეს

ახალქალაქის სოფელ კუმურდოს 69-ე უბანში, საარჩევნო კაბინაში შემოხაზული ბიულეტენი იპოვეს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს  “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” უთხრეს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მათ მობილურ ჯგუფს უბანში უთხრეს, რომ ერთ-ერთმაკომისიის წევრმა, რომელიც ხმას სპეციალური სიით აძლევდა, კაბინაში უკვე შემოხაზული ბიულეტენი ნახა.

მან თავისი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩააგდო, თუმცა კაბინაში ნაპოვნი ბიულეტენი ამჟამად თავმჯდომარესთან რჩება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით TI  საჩივარს დაწერს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ უბანზე სარჩელი ფიქსირდება.

ახალქალაქში, 69-ე უბანზე საოლქო კომისიამ ორი სარჩელი დააფიქსირა. ორივე სარჩელის ავტორი შმაგი ჩოხელია, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ უბანზე ორი ინციდენტი მოხდა. შმაგი ჩოხელი, რომელიც “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის” დამკვირვებელია, ამბობს, რომ 8:07 წუთზე უბანზე შემოვიდა გაურკვეველი პირი, რომელიც სამაგიდო სიებთან დადგა და დაიწყო მათი თვალიერება.

“მე მას ვკითხე, თუ რას აკეთებდა. ის დაიბნა, მე კი ვაპირებდი სურათების გადაღებას. რის შემდეგაც დაიწყო მიწევ-მოწევა და კომისიის თავმჯდომარემ ბეიჯიც კი დამიზიანა,” – ამბობს შმაგი ჩოხელი.

მისივე თქმით, მეორე საჩივარი ეხებოდა სავარუდო გაყალბების ფაქტს. როგორც ის ამბობს, კომისიის წევრმა ერთ-ერთ ამომრჩეველს უკვე შემოხაზული ბიულეტენი მისცა. ჩოხელმა აღნიშნული გააპროტესტა, თუმცა თავმჯდომარემ ბიულეტენი მაინც ჩააგდო და ის ახლა დეფორმირებულია. შმაგი ჩოხელი ამბობს, რომ საქმეში პოლიციაც ჩაერთო და გამოკითხვისთვის პოლიციაშიც გადაიყვანეს. საოლქო კომისიაში კი ამბობენ, რომ შმაგი ჩოხელი ხელს უშლიდა პროცესს, კერძოდ კი, სიებს უღებდა სურათს, რის გამოც თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი