ახალი ამბები

სავარაუდოდ, “ოცნების” კოორდინატორმა On.ge-ის ჟურნალისტს ხელი დაარტყა

28 ნოემბერი, 2018 • 1568
სავარაუდოდ, “ოცნების” კოორდინატორმა On.ge-ის ჟურნალისტს ხელი დაარტყა

ონლაინ გამოცემა  On.ge-ის ჟურნალისტ სალომე ჩადუნელს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” კოორდინატორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

On.ge-იმ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ინციდენტი. თავდაპირველად ვიდეოში ისმის, როგორ ცდილობს ჟურნალისტი კოორდინატორისგან ინფორმაციის მოპოვებას სიების შესახებ, რომელიც ამ კოორიდნატორს აქვს. მოულოდნელად ჩნდება სხვა კოორდინატორი, რომელიც ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ხელსაც ურტყამს.

როგორც On.ge-ის რედაქტორმა გელა ბოჩიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, შემთხვევის ადგილზე მისულები არიან სამართალდამცავები.

[განახლება, 16:38 ] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში მიმდინარეობს მხარეთა გამოკითხვის პროცესი და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში სამართალდამცავებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ეს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. დღეს დილით ხელი ასევე დაარტყეს ტვ პირველის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს მისცენ მუშაობის საშუალება, სამართალდამცავებისგან კი შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი