ახალი ამბები

ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

28 ნოემბერი, 2018 • 1279
ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

კადრები, რომლებიც ენმ-მ ბრიფინგზე წარმოადგინა, გადაღებულია ქუჩის მხრიდან, გარკვეული დაშორებით. კადრში ოთხი ადამიანი ჩანს, აქედან ორი ზის, ორი კი პატარა მაგიდის პირდაპირ დგას და საუბრობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი კაცი რაღაცას ითვლის, თუმცა ნამდვილად ფულია თუ არა, ამის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

მირდატ ქამადაძის თქმით, ეს პირები „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან და საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფულს ურიგებენ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სხვა რა დამამტკიცებელი დოკუმენტი არსებობს, რომ ეს ადამიანები ნამდვილად „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან და არა, ვთქვათ, ოპოზიციის? – მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს ვიდეო მათ წყარომ მიაწოდა და დარწმუნებულნი არიან, რომ კადრებზე ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის შემთხვევაა აღბეჭდილი.

„დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი